დღეს ჩეხური კომპანია Energo-Pro-ს დირექტორთა საბჭოს წევრმა ირჟი კრუშინამ და ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ კომპანიისთვის ექვსი ჰიდროელექტრო სადგურის და ორი სადისტრიბუციო კომპანის გადაცემის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულების მიხედვით, Energo-Pro-მ გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, აჭარის სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, ასევე ექვსი ჰესი: ძევრულჰესი, ლაჯანურჰესი, გუმათჰესი, შაორჰესი, რიონჰესი და აწჰესი 132 მლნ დოლარად შეიძინა, თუმცა ამ თანხის ჩათვლით მთლიანობაში ენერგოსექტორში 427 მლნ დოლარის ოდენობით ინვესტიციას განახორციელებს. კერძოდ, 120 მლნ დოლარი ახალი ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობას, დარჩენილი თანხა კი სადისტრიბუციო და გენერაციის ობიექტების რეაბილიტაციას მოხმარდება.
ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და ჩეხეთის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ნოღაიდელის თქმით, ამით ფაქტიურად დასრულდა პრივატიზაცია საქართველოს ენერგოსექტროში.
2006 წლის ივნისში საპრივატიზაციო ტენდერში გამარჯვება Energo-Pro-მ იმ პირობით მოიპოვა, რომ კომპანიას 8 ენერგოობიექტში ბიუჯეტის სასარგებლოდ 312,3 მილიონ აშშ დოლარი უნდა გადაეხადა.
”როდესაც ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები [Energo-Pro -სთან] საუბარი იყო 312 მლნ დოლარზე. ეს ბიუჯეტის თანხა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს იწვევდა ტარიფის ზრდას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ამ უახლოესი პერიოდისთვის ზედმეტი ტვირთი იქნებოდა… საბოლოოდ, ჩვენ შევთანხმდით ორივე მხარისთვის ყველაზე უფრო მეტად მისაღებ ფორმულაზე. ეს არის 427 მლნ დოლარის პაკეტი… ჩვენ ყველანი ვართ ძალიან კმაყოფილი… ჩვენ უახლოეს პერიოდში მივიღებთ კიდევ უფრო მდგრად ენერგეტიკის სექტორს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
”ორი-სამი წლის წინ თითქმის წარმოუდგენელი იყო ასეთი ტრანსაქციის შესრულება. [ენერგოსექტორში] ბევრი გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მე უბრალოდ იმედი მინდა გამოვთქვა და დარწმუნებული ვიყო იმაში, რომ ჩეხური კომპანია Energo-Pro ამას ყველაფერს ბოლომდე მიიყვანს ”, – განაცხადა სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა.
ჩეხეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილემ მარტინ ტლაპამ ”მნიშვნელოვანი” უწოდა საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას და განაცხადა, რომ ჩეხეთი მზად არის ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.
1994 წელს დაარსებული ჩეხური კომპანია Energo-Pro ჰიდროელექტრო სადგურებს ასევე ფლობს ჩეხეთსა და ბულგარეთში.