ეუთოს თავმჯდომარე სამხრეთ ოსეთის ინციდენტების გამო შეშფოთებულია

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა 29 იანვარს შეშფოთება გამოხატა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტების გამო და მხარეებს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა.


ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს მხედველობაში ჰქონდა კონფლიქტის ზონაში მომხდარი ორი ინციდენტი: 28 იანვარს სამი ოსი მილიციელის დაჭრის ფაქტი და 15 იანვრის ინციდენტი, როცა ნაღმის აფეთქების შედეგად ორი რუსი სამშვიდობოს დაიჭრა.


”შეშფოთებული ვარ კონფლიქტის ზონაში ძალადობის შემთხვევების ზრდის გამო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს პოლიტიკური დიალოგი კონფლიქტის მხარეებს შორის, რათა მოიძებნოს დაძაბულობის შემცირების ეფექტური გზები”, – განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ.


მან მოუწოდა მხარეებს მაქსიმალურად თავი შეიკავონ იმ ქმედებებისა ან განცხადებებისგან, რომლებიც კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version