სამხრეთ ოსეთი ურანის კონტრაბანდის საქმეზე ყურადღების ცენტრში მოექცა

ერთი რუსეთის და სამი საქართველოს მოქალაქე იხდის სასჯელს საქართველოში, რუსეთიდან თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის გავლით 100 გრამი გამდიდრებული ურანის კონტრაბანდული გზით შემოტანის საქმესთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა 25 იანვარს.


შემთხვევა 2006 წლის იანვარში მოხდა, როდესაც რუსეთის მოქალაქე ოლეგ ხინცაგოვი და მისი სამი ქართველი თანამზრახველი ქართველმა სამართალდამცავებმა თბილისში დააკავეს.   


თუმცა, ინფორმაცია ამის შესახებ მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გახდა საჯარო. 2007 წლის 24 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ეს ცნობა  ამერიკული მასმედიის საშუალებით გაავრცელა. მიმდინარე კვირას იგი ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა. ინფორმაცია ვიზიტის შესახებ არ გახმაურებულა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიზიტის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.


პირველი კომენტარი საქმესთან დაკავშირებით 25 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური განყოფილების უფროსმა შოთა უტიაშვილმა გააკეთა. თუმცა, მან ძირითადად იმ ფაქტებზე ისაუბრა,  რომლებიც უკვე გაახმოვანა მერაბიშვილმა New York Times-ისა და Associated Press-ისთვის მიცემულ ცალკ–ცალკე ინტერვიუებში 24 იანვარს.


“ჩვენმა აგენტებმა სამხრეთ ოსეთში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თუ ვინმეს აქვს გასაყიდად რადიოაქტიური ნივთიერება, ჩვენ მზად ვართ ის ვიყიდოთ; შედეგად, გამოჩნდნენ ვიღაც ოსები, რომლებიც მოქმედებდნენ სამხრეთ ოსეთში და ჩრდილოეთ ოსეთში. მათ განუცხადეს ჩვენ წყაროებს, რომ მათ აქვთ ურანი გასაყიდად. 2006 წლის 31 იანვარს მათ შემოიტანეს მაღალგამდიდრებული ურანი საქართველოში, დაახლოებით 100 გრამი 90%-ის გამდიდრების ურანი, რაც ფაქტიურად არის მზა მასალა ატომური ბომბისთვის. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო რუსული ურანი, მაგრამ არ ვიცოდით ზუსტად რომელი ადგილიდან მოდიოდა ის“, – განუცხადა შოთა უტიაშვილმა ჟურნალისტებს 25 იანვარს.


ოლეგ ხინცაგოვი, რომელიც რვანახევარი წლით თავისუფლება აღკვეთილი ამჟამად საქართველოში იხდის სასჯელს, თბილისში დააკავეს, როდესაც ის 1 მილიონი აშშ დოლარიანი გარიგების მოგვარებას ცდილობდა.


საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, ხინცაგოვმა განუცხადა ქართველ აგენტებს, რომ იგი შეძლებდა კიდევ ორი კგ ურანის შემოტანას, რომელსაც ის ჩრდილოეთ ოსეთში ინახავდა. თუმცა, დაპატიმრების შემდეგ მან უარი თქვა სამართალდამცავებთან თანამშრომლობაზე, განაცხადა უტიაშვილმა.  

“რუსულ მხარეს ჩვენ გავუგზავნეთ ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ, ასევე გავუგზავნეთ ამოღებული ურანის ნიმუში და მათ დაადასტურეს, რომ ეს არის მაღალგამდიდრებული ურანი; მეტი ინფორმაცია ჩვენ რუსეთისგან არ მიგვიღია“, – განაცხადა უტიაშვილმა.


“სამწუხაროდ რუსეთიდან არავინ არ ჩამოვიდა, ამ პიროვნების დასაკითხადაც კი“, – იტყობინება Associated Press-ი ვანო მერაბიშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.


თუმცა, საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი“ 25 იანვარს რუსეთის ფედერალური ატომური ენერგიის სააგენტოს უცნობ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საქართველოს “არ ჰქონდა თანამშრომლობის სურვილი“. წყარომ ასევე განაცხადა, რომ შეუძლებელია საქართველოში გამოვლენილი ურანის წარმომავლობის დადგენა.


ოფიციალური თბილისის განცხადებით, ამ “საკმაოდ მგრძნობიარე საქმის“ შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური იყო ერთი წლის მანძილზე, რადგანაც მათ იმედი ჰქონდათ, რომ მეტ დეტალებს გაარკვევდნენ. თუმცა, ეს შეუძლებელი გახდა, რადგანაც რუსეთმა უარი თქვა თანამშრომლობაზე.


25 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისი არ გააკეთებს კომენტარს იმ ფაქტორზე, რომელიც რომელიმე სხვა მთავრობას შეეძლო ეთამაშა ამ გამოძიებაში, რადგანაც ეს საქმე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხია და არა პოლიტიკის.


ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო ორი თვის მანძილზე, როდესაც თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთი, რომელსაც ოფიციალური თბილისი კონტრაბანდის “შავ ხვრელს“ უწოდებს, დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა.


ნოემბრის ბოლოს Washington Post-ი იტყობინებოდა, რომ აშშ-ს დაზვერვის სამსახური და ქართული პოლიცია საერთაშორისო დონეზე ფულის გაყალბების ოპერაციას იძიებენ, რომელიც სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე ვრცელდება.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ უარყო ორივე ეს ინფორმაცია და მას ცხინვალის წინააღმდეგ თბილისის “შავი პიარ კამპანიის“ ნაწილი უწოდა.


“ამგვარი განცხადებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა… საქართველო თავად ემხრობა პანკისის ხეობაში განთავსებულ კრიმინალებს და ტერორისტებს“, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 25 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში. 


საქართველოს საგარეო უწყება  25 იანვარს აცხადებს, რომ გამდიდერებული ურანის კონტრაბანდის საქმე ხაზს უსვამს სამხრეთ ოსეთსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსების აუცილებლობას. 


“ზემოხსენებული არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქართული მხარე უკვე დიდი ხანია ცდილობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განლაგებას რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის  სეპარატისტული რეგიონების სეგმენტზე. ამ თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების დახმარება და აქტიური მონაწილეობა ამ რეგიონებში ლეგალური და ეფექტური სასაზღვრო სისტემების შესაქმნელად”, – ნათქვამია განცხადებაში.


საგულისხმოა პრეზიდენტ სააკაშვილის 25 იანვრის განცხადება იმის თაობაზე, რომ დროა ქვეყანამ საბოლოო გაერთიანებისკენ სვლა დაიწყოს. სიღნაღის რაიონში სტუმრობისას სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ  “ცხინვალში კრიმინალების ბანდას მძევლად ჰყავს აყვანილი ქალაქის მოსახლეობა და გარშემო სოფლების მაცხოვრებელი ჩვენი მოქალაქეები“.

Exit mobile version