ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს აღარ განიხილავს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ 22 იანვარს მიიღო გადაწყვეტიება არ გამართოს დებატები რუსულ–ქართულ დაძაბულ ურთიერთობებზე, როგორც ამას საქართველოს დელეგაცია ითხოვდა, განაცხადა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კოსაჩოვმა. 


რუსეთის სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კოსაჩოვმა ასევე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც რუსეთმა გადაწყვიტა ელჩის თბილისში დაბრუნება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოები “რია ნოვოსტი“ და “ინტერფაქსი“, ასევე ქართული ტელეკომპანიები იტყობინებიან. 


“ჩვენ შევძელით დაგვერწმუნებინა საპარლამენტო ასამბლეის ბიურო, რომ [რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების] საჯარო განხილვა საკითხის პოლიტიზირებას შეუწყობდა ხელს და შესაძლოა ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა გამოეწვია“, – იტყობინება “ინტერფაქსი“ კოსაჩოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


მან ასევე განაცხადა, რომ ბიურომ დაავალა თავის ორ მომხსენებელს კვლავ ადევნონ თვალყური რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას და საჭიროების შემთხვევაში მიაწოდონ თავიანთი შეფასებები აპრილში.


“ბიუროს გადაწყვეტილების ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ ჯერ კიდევ უნდა იქნას დემონსტრირებული რუსეთის ფედერაციიდან სერიოზული, არსებითი გაუმჯობესება ვითარების და აპრილამდე მათ ექნებათ შესაძლებლობა, თუკი მართლაც ელჩის დაბრუნება არის პირველი ნაბიჯი და ისინი აპირებენ გაგრძელებას, აი ამის ილუსტრაციისთვის მათ აქვთ დრო“, – განუცხადა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ “რუსთავი 2″–ს 22 იანვარს.

2006 წლის ნოემბერში თბილისსა და მოსკოვში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ ასამბლეის თანამომხსენებლებმა მათიას იორშიმ და ლუკ ვან დენ ბრანდემ ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულობაზე მოხსენება მოამზადეს.


მოხსენება მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაზე აუცილებელი დებატების გამართვის შემთხვევაში გახდებოდა საჯარო. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version