საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი აფხაზეთზე მოხსენებას აქვეყნებს

გაერო სა და რუსეთი ეგიდით მიმდინარე 14-წლიანმა მოლაპარაკებებმა აფხაზეთში კონფლიქტის მოსაგვარებლად შედეგი ვერ გამოიღო და “თუ მხარეები გააგრძელებენ ძალის დემონსტრირებას და არ განაახლებენ მოლაპარაკებებს, შესაძლოა 2007 წელს დაპირისპირების ახალი ტალღა დაიწყოს, განსაკუთრებით კოდორის ხეობასა და გალის რაიონში“, ნათქვამია ბელგიაში განთავსებული საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის 18 იანვარს გამოქვეყნებულ მოხსენებაში.


მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2006 წლის გაზაფხულზე ქართულ–აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის განახლებამ და ქართული და აფხაზური მხარეების მიერ სამშვიდობო ინიციატივებით გამოსვლამ გარკვეული ოპტიმიზმი გააჩინა.


“მაგრამ რუსულ–ქართული ურთიერთობების მკვეთრმა გაუარესებამ და საქართველოს სამხედრო ავატიურამ კოდორის ხეობაში 2006 წლის შუა პერიოდში აფხაზეთის ირგვლივ მიმდინარე დიპლომატიური პროცესების გაყინვა გამოიწვია. ახალი ინიციატივების არ არსებობამ შესაძლოა ახალი ძალადობა გამოიწვიოს,“ – ნათქვამია მოხსენებაში.


საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი აღნიშნავს, რომ თბილისი ახორციელებს ახალი სტრატეგიას, რომელიც მოლაპარაკებათა და სამშვიდობო ფორმატების შეცვლას ითვალისწინებს, რათა მოხდეს ორივე მიმართულებით რუსეთის გავლენის შემცირება.


“მოსკოვი და სოხუმი ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან, მაგრამ მათ ამ პოზიციას ზურგს მყარად არ უმაგრებენ საქართველოს დასავლელი პარტიონები“, – ნათქვამია მოხსენებაში.


საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი მოუწოდებს თბილისსა და სოხუმს ხელი მოაწერონ შეთანხმებას ცეცხლის განუახლებლობის და დევნილთა დაბრუნების შესახებ; გამოიძიონ ომის დანაშაულები; შექმნან შავი ზღვის რკინიგზის კონსორციუმი (რუსეთისა და სომხეთის მონაწილეობით), რათა აღდგეს აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა.


ქართული მხარისადმი რეკომენდაციებში ნათქვამია რომ თბილისმა “აფხაზეთის დევნილი მთავრობის როლი საგრძნობლად უნდა შეამციროს და თავი შეიკავოს აფხაზეთში ალტერნატიული ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების ჩატარებისგან“.


საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი ასევე რეკომენდაციას უწევს თბილისს დანიშნოს “გამოცდილი მომლაპარაკებელი“ აფხაზურ მხარესთან დიალოგში და “შეწყვიტოს მცდელობები იმისა, რომ შეჩერდეს დსთ–ს სამშვიდობო ოპერაცია მანამ, სანამ ქართული და აფხაზური მხარეებისათვის მისაღები  ალტერნატიული [სამშვიდობო ოპერაციის] ფორმატი არ მოიძებნება“.


საერთაშორისო კრიზისების ჯგუფმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს ევრო–ატლანტიკურ სივრცეში შემდგომი ინტეგრაციის პირობად აფხაზეთში ძალის გამოყენებაზე უარის თქმა დააყენოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version