ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა 17 იანვარს განაცხადა, რომ გაზზე ტარიფის ზრდა გარდაუვალია წელს რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის გაძვირების გამო.
გილაურის განცხადებით, ტარიფის მომატების დროს გათვალისწინებული იქნება ის ფაქტი, რომ ამჟამად საქართველო მხოლოდ რუსულ 235 დოლარიან [ათას კუბურ მეტრზე] გაზს არ იღებს და აზერბაიჯანიც აწვდის ბუნებრივ აირს 120 აშშ დოლარად.
3 იანვრის განკარგულებით, “ბუნებრივი აირის საფასურის ზრდის დროებითი კომპენსირებისათვის” მთავრობამ სამ რუსულ და ერთ ყაზახურ კომპანიას 125 მლნ ლარიანი ორწლიანი კრედიტი გამოუყო ბიუჯეტიდან, რომლის დაფარვის ერთადერთ წყაროდ გაზის ახალი ტარიფია მითითებული.
დღეს ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ განაცხადა, რომ კრედიტის გამოყოფა საჭირო გახდა რუსული გაზის მიმღები კომპანიების ფინანსური მდგრადობის შესანარჩუნებლად.
“კრედიტს ტარიფთან კავშირი არ აქვს. ტარიფთან კავშირი აქვს იმას, რომ ადრე [კომპანიები] ყიდულობდნენ 110 დოლარიან გაზს და ახლა იყიდიან 120 დოლარიან და 235 დოლარიან გაზს“, – განაცხადა დღეს კახა ბენდუქიძემ.
ოპოზიციამ უკვე გააკრიტიკა ის სქემა, რომლითაც “გაზპრომის” კონტრაქტორი კომპანიები საბიუჯეტო კრედიტს დააბრუნებენ.