სანაკოევის მთავრობა მანდარინის შესყიდვას განაგრძობს

სამხრეთ ოსეთის ე.წ ალტერნატიული მთავრობა განაგრძობს მანდარინის შესყიდვას იმ ოსი ვაჭრებისგან, რომელთაც ვერ შეძლეს თავიანთი პროდუქციის რუსეთში გასაყიდად გატანა.


“ნებისმიერ მსურველს ვინც ვერ შეძლო რუსეთში მანდარინის გატანა, 12 დეკემბრის 22:00 საათამდე შეუძლია დაუკავშირდეს ალტერნატიული მთავრობის წარმომადგენლობას და გაიაროს რეგისტრაცია, რის შემდეგაც მოხდება მანდარინის შესყიდვა. პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკება ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოებთან, სადაც მოხდება შესყიდული მანდარინის ნაწილის ჩაბარება, ნაწილი კი დაურიგდება ბავშვთა სახლებს“, – აცნობეს “სივილ ჯორჯიას“ სოფელ ქურთაში განთავსებულ ალტერნატიულ მთავრობაში.

იმავდროულად, სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 11 იანვარს ავრცელებს ინფორმაციას, რომ მანდარინის შესყიდვა ხდება მხოლოდ იმ ოსი მოვაჭრეებისაგან, რომლებიც ხელს მოაწერენ “სამხრეთ ოსეთის ლეგიტიმური ხელისუფლების პოლიტიკის“ საწინააღმდეგო განცხადებას.


ამ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის წარმომადგენელმა “აბსურდული“ უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version