ეუთოს თავმჯდომარე: “გაყინული კონფლიქტები“ ეუთოს გამოწვევებს შორისაა

ეუთოს ახალმა მოქმედმა თავმჯდომარემ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა 11 იანვარს ვენაში ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოს წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ იმ გამოწვევებს შორის, რომლებიც წელს ეუთოს ყურადღებას იპყრობს, არის ე.წ. “გაყინული კონფლიქტები“ საქართველოში, მოლდოვასა და მთიან ყარაბაღში.


“ამ კონფლიქტებში კედლები აღიმართა, რომლებმაც ხალხი შუაზე გაყო. ეს კედლები უნდა დაინგრეს. მდგრადი მოგვარების მისაღწევად, ჩვენ ახლა უნდა ჩავერიოთ, რათა პროგრესისთვის მყარი საფუძველი ვუზრუნველყოთ“, – განაცხადა მან.


თავის გამოსვლაში მიგელ ანხელ მორატინოსმა ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტებად 2007 წელს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, გარემოს დაცვა, სამოქალაქო აქტიურობის წახალისება და ეუთოს როლის გაძლიერება დაასახელა.


ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს თავმჯდომარე 2007 წელს იქნება. მან ამ თანამდებობაზე ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ დე გუხტი შეცვალა. ამ უკანასკნელის განცხადებით, 2006 წელს ეუთოს მთავარ პრიორიტეტებს შორის იყო გაყინული კონფლიქტების მოგვარება ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.   



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version