სასაზღვრო პოლიციამ რუსული და უკრაინული სეინერები დააკავა

დღეს სასაზღვრო პოლიციის ფოთის სანაპირო დაცვის სამსახურმა აფხაზეთის მიმდებარე საზღვაო სივრცეში რუსული და უკრაინული დროშის ქვეშ მცურავი სეინერები დააკავა, რომელთა გემის კაპიტნებს, სავარაუდოდ,  საზღვრის უკანონო გადაკვეთის, უკანონო თევზჭერის და უკანონო  ნაოსნობის ფაქტზე წარედგინებათ ბრალდება.


“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვაო სივრცე და პორტები საქართველოს კანონმდებლობით არის დახურული და ყველა საზღვაო მოღვაწეობა უკანონოა“, – განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ბადრი ბიწაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.


მისი ინფორმაციით, რუსულ სეინერზე, რომელზეც 6 ტონამდე  უკანონოდ მოპოვებული თევზი აღმოჩნდა, რუსეთის 8 მოქალაქეა დაკავებული, ხოლო უკრაინულზე უკრაინის მოქალაქეების 10–კაციანი ეკიპაჟი დააკავეს.


სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, 2004–2006 წლებში აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიულ წყლებში 22 მცურავი საშუალება იქნა დაკავებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version