ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრემიერ–მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს, რომელმაც დღეს პარლამენტს ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა დასამტკიცებლად, განმარტებები მოთხოვეს, თუ ბიუჯეტის საბოლოო პროექტში რატომ გაიზარდა 121 მლნ ლარით თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება.
“რატომ აქვს თავდაცვას გაზრდილი დაფინანსება მაშინ, როცა ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები კი არ მიმდინარეობს, არამედ ადგილი აქვს ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ომს და სწორედ ამ მიმართულებით უნდა წარვმართოთ თანხები, მითუმეტეს, რომ თავდაცვას 2006 წლის ბიუჯეტიდან დამატებით 77 მლნ ლარი გამოვუყავით წლის ბოლოს?“, – განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ პრემიერ–მინისტრის მისამართით.
“არანაირ სამხედრო ღონისძიებებს ჩვენ არ ვგეგმავთ, მაგრამ ბუნებრივია თავდაცვის სამინისტრო უნდა იყოს მზადყოფნაში“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ოპოზიციის საპასუხოდ.
მისი თქმით, ისევე როგორც წინა წლებში, თავდაცვის სფეროს რეფორმირება და მოდერნიზება საბიუჯეტო პრიორიტეტია, “რაც ბუნებრივი პროცესია ქვეყნისთვის, რომელსაც ტერიტორიები აქვს დაკარგული და აპირებს ნატოში გაწევრიანებას“.
მომავალ წელს თავდაცვის ღონისძიებები 513 მლნ ლარით დაფინანსდება, ნაცვლად პირვანდელი პროექტით გათვალისწინებული 392 მლნ ლარისა. პარლამენტი ბიუჯეტს დღეს საღამოს უყრის კენჭს.