სააკაშვილი კონსტიტუციაში ცვლილებებს მიესალმება

პრეზიდენტის განცხადებით პარლამენტმა 27 დეკემბერს “ძალიან მნიშვნელოვანი“ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე შუალედში ერთდროულად ჩატარებას ითვალისწინებს.


“ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ აღარ გვჭირდება ზედმეტი რყევები; ჩვენ უნდა გვქონდეს კონსოლიდირებული სისტემა“, – განაცხადა სააკაშვილმა საქართველოს ბიზნეს–წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე 27 დეკემბერს.


მისი თქმით, ერთდროული არჩევნები საშუალებას მისცემს მთავრობას გააგრძელოს რეფორმები, რომელსაც არჩევნების პროცესი, როგორც წესი, შეფერხებებს უქმნის.  არჩევნების ცალკ–ცალკე გამართვის შემთხვევაში, პარლამენტი 2008 წლის გაზაფხულზე და პრეზიდენტი 2009 წლის აპრილში უნდა არჩეულიყო.


პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველმა ამომრჩეველმა “სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ადგილობრივი ხელისუფლება იმავე პოლიტიკურ ძალას ჩააბარა, რომელსაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ჩააბარა“.


მას მხედველობაში ჰქონდა 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც მმართველმა “ნაციონალურმა მოძრობამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების შტოებში განსხვავებული ძალების არსებობა პატარა ქვეყნისთვის და მისი მოსახლეობისათვის სახარბიელო არ არის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version