მთავრობა გაზის გაძვირების “შერბილებას” ცდილობს, თურქეთთან შეთანხმება კი კვლავ გაურკვეველია

რუსეთი საქართველოს დაახლოებით 80%–ით მოამარაგებს გაზით მომავალ წელს. “გაზპრომმა“ უკვე მოაწერა კონტრაქტებს ხელი საქართველოში მოქმედ ოთხ კომპანიასთან ათასი კუბამეტრი გაზის 235 აშშ დოლარად მიყიდვის თაობაზე.


იმავდროულად, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა 27 დეკემბერს განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტიდან, რომელიც პარლამენტმა ამ დღეებში უნდა დაამტკიცოს, ენერგეტიკის სამინისტროს დაახლოებით 89–90 მლნ ლარი გამოეყოფა დამატებით, რათა გაზგამანაწილებელ კომპანიებზე სესხის გაცემის გზით უზრუნველყოფილი იყოს “რბილი ტრანსფორმაცია“ ახალ ტარიფზე. 


საერთაშორისო კომპანია “იტერამ“, რომელიც გაზით ამარაგებს საქართველოს რეგიონებს, “გაზპრომთან“ 360 მლნ კუბამეტრი გაზის მოწოდების თაობაზე  ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 27 დეკემბერს “იტერა–საქართველოს“ წარმომადგენელმა ვიტალი ლომიძემ “სივილ ჯორჯიას“ აცნობა, რომ კომპანია ათას კუბამეტრ გაზში 235 აშშ დოლარს გადაიხდის.


“გაზპრომმა“ ეს მორიგი კონტრაქტი მას შემდეგ გააფორმა, რაც ხუთი დღით ადრე ხელი მოაწერა ანალოგიურ შეთანხმებებს სამ კომპანიასთან 2007 წელს მთლიანობაში 1,1 მლრდ კუბამეტრი გაზის მოწოდების თაობაზე.


შედეგად, “გაზპრომი“ საქართველოს 1,46 მლრდ კუბამეტრი გაზით მოამარაგებს მომავალს წელს, რაც მთლიანი მოხმარების ნახევარზე მეტია. საქართველომ 1,9 მლრდ კუბამეტრამდე გაზი მოიხმარა 2006 წელს.


საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 27 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველომ შაჰ–დენიზის საბადოდან გაზის მიღება ტექნიკური პრობლემების გამო ვერ შეძლო.


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ უკვე მიაღწია შეთანხმებას თურქეთთან გაზის მოწოდების თაობაზე.


“ჩვენ პრაქტიკულად დავასრულეთ თურქეთის გაზის შაჰ–დენიზის წილის გადმოკონტრაქტება საქართველოზე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დამატებით ჩვენ მოვილაპარაკეთ აზერბაიჯანთან წლის ბოლოდან ზამთრის განმავლობაში ყოველდღიურად 1 მლნ კუბამეტრი გაზის მიღებაზე“, – განაცხადა ნოღაიდელმა.


თუმცა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჰილმი გიულერმა 26 დეკემბერს უარყო საქართველოსთან რაიმე შეთანხმების დადება. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.


“ჩვენ გვექნება სამმხრივი [აზერბაიჯანულ–ქართულ–თურქული] შეხვედრა, სადაც საკითხებში სიცხადეს შევიტანთ“, – იუწყება ინგლისურენოვანი Turkish Daily News გიულერის სიტყვებზე დაყრდნობით.


იმის გამო, რომ 2007 წელს საქართველო ძირითადად ძვირი რუსული გაზით მომარაგდება, ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი გაიზრდება.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის 26 დეკემბრის სხდომაზე განაცხადა, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფის მყისიერი ზრდა არ მოხდება.


“თუ იქნება გადაწყვეტილება [ტარიფის მომატებაზე] მიღებული, ეს გადაწყვეტილება მიიღება ისე, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობა იყოს მაქსიმალურად დაცული და ხელშეუხებელი. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.


ფინანსთა მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა 27 დეკემბერს მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ გაზის ტარიფი მომხმარებლებისათვის იანვრიდან არ გაიზრდება. მისი თქმით, მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტიდან გაზგამანაწილებელ კომპანიებს 90 მლნ ლარამდე სესხს მისცემს, “რათა ეს ტრანსფორმაცია ახალ ტარიფზე იყოს გაცილებით უფრო რბილი და არ იყოს განსაკუთრებულ სირთულეებთან დაკავშირებული“. 

Exit mobile version