ბრიუსელში ნატო–საქართველოს “ინტენსიური დიალოგი” განიხილეს

14 დეკემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა შეხვედრა, სადაც განიხილეს ნატო-სა და საქართველოს შორის ინტენსიური დიალოგის პროცესში შესათანხმებელი საკითხების ფართო სპექტრი.


საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, კონსულტაციების საწყის შეხვედრაზე ალიანსის მხარეს ხელმძღვანელობდა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი მარტინ ერდმანი, ხოლო ქართულ მხარეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე წარმოადგენდა.


კონსულტაციების დროს განხილულ იქნა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საგარეო და საშინაო პოლიტიკის, ფინანსური რესურსების, თავდაცვის პოლიტიკის და თავდაცვის სფეროში რეფორმების პროცესის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვისა და სამართლებრივი საკითხები.


შეხვედრაზე აგრეთვე განისაზღვრა ინტენსიური დიალოგის ფორმატში საკითხთა განხილვის თანმიმდევრობა.  პირველი თემატური რაუნდი 2007 წლის იანვარში გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version