პარლამენტში გადაცემა “დროებაში” გასულ სიუჟეტზე იკამათეს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ნოდარ გრიგალაშვილმა გააკრიტიკა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “დროებაში“ 10 დეკემბერს გასული სიუჟეტი, რომელიც გალის რაიონის სკოლებში ხელფასების გაცემის პრობლემებს ეხებოდა.


სიუჟეტში გალის სკოლების მასწავლებლები თავად აცხადებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, მათ  წელიწად ნახევარზე მეტია, რაც 30–ლარიანი ხელფასი არ მიუღიათ.


გრიგალაშვილმა “ცილისწამება“ და “ყალბი ინფორმაცია” უწოდა სიუჯეტში გაშუქებულ ფაქტებს და მისი ავტორი ჟურნალისტი მაია ასათიანი  არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა.
 
“ასეთი ჟურნალისტის აკრედიტაციის საკითხი უნდა დაისვას პარლამენტში. მას ჩვენ ჟურნალისტობას არ ავუკრძალავთ, მაგრამ როცა ადამიანი შავზე თეთრს ამბობს ან არ ყოფნის პროფესიონალიზმი ან უბრალოდ არის დაქირავებული საქართველოს მტრების მიერ“, – განაცხადა გრიგალაშვილმა ბიუროს სხდომაზე.


თუმცა მას “კატეგორიულად“ არ დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.


“მე არ ვაპირებ არცერთ ჟურნალისტს რაც არ უნდა დაწეროს და როგორი სიუჟეტიც არ უნდა გაუშვას აკრედიტაცია მოვუხსნა, ეს არის გამორიცხული. მე ვერ ვუკარნახებ ვერცერთ გაზეთის რედაქტორს და მაუწყებელს რომელი ჟურნალისტი გამოცვალოს, ეს არ არის დემოკრატიულ ქვეყანაში მიღებული“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version