თბილისი სამხრეთ ოსეთში არსებულ ’ახალ რეალობაზე’ მიანიშნებს

სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დიმიტრი სანაკოევის ინაუგურაციის შემდეგ, თბილისის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ოსეთში არის “ახალი რეალობა“, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს.

დიმიტრი სანაკოევის ინაუგურაცია 1 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე ქართულ სოფელ ქურთაში გაიმართა. სანაკოევის მთავრობა, რომელიც ამჟამად ფორმირების პროცესშია, სავარაუდოდ ქურთაში განთავსდება. 
 
“მე, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ  დავიცავ სამხრეთ ოსეთის ხალხის ინტერესებს, ოსი და ქართველი ხალხის ერთიანობას, მშვიდობას… ვიზრუნებ სამხრეთ ოსეთის და მისი ხალხის უსაფრთხოების, კეთილდღეობის და აღორძინებისათვის“, – განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა ფიცის დადების დროს ოსურ და ქართულ ენებზე. 
 
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძე ასევე დაესწრო ინაუგურაციის ცერემონიას ქურთაში. 
 
“ჩვენ ახალი რეალობის მოწმენი გავხდით. აქ ჩამოყალიბდა ახალი ძალა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გავლენა არა მარტო ქართულ საზოგადოებაში, არამედ, რაც მნიშვნელოვანია, ოსურ საზოგადოებაში. და მათ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ. ამიტომ, ეს რეალობა უნდა გაითვალისწინოს ყველამ, არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაშიც. ჩვენ მაქსიმალურად, როგორც ადრე, ვიქნებით მშვიდობის და სტაბილურობის დამყარების ხელმშემწყობი“, – განაცხადა მერაბ ანთაძემ.
 
ანთაძის ეს განცხადება მიანიშნებს ქართული მხარის განზრახვაზე გამოიყენოს თბილისისადმი ლოიალურად განწყობილი სამხრეთ ოსეთის ე.წ. ალტერნატიული მთავრობა, როგორც იარაღი იმის დასამტკიცებლად, რომ სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაში “განსხვავებული ხმებიც“ არსებობს, რომელთა პოზიციაც გათვალისწინებულ უნდა იქნას კონფლიქტის მოგვარების პროცესში.     
 
ინაუგურაციის ცერემონიას ასევე დაესწრო ქართველ პარლამენტართა ჯგუფი, მათ შორის დიდი ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ ვახტანგაშვილი და დეპუტატი გიორგი ასანიძე ნაციონალური მოძრაობიდან.  
“ეს ისტორიული დღეა. ერთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სამხრეთ ოსური დროშები გაჩნდებოდა აქ, ქართულ სოფელში“, – განაცხადა “ოსთა ხსნის კავშირის“ თანადამფუძნებელმა ვლადიმერ სანაკოევმა.
 
სოფელ ქურთაში ქართული სახელმწიფო დროშის გვერდით სამფეროვანი (თეთრი, წითელი და ყვითელი) დროშა ფრიალებდა – რომელსაც სეპარატისტული ხელისუფლებაც იყენებს. ჩვეულებრივ, სამხრეთ ოსური დროშები ცხინვალში და სეპარატისტების მიერ კონტროლირებად სხვა ტერიტორიებზე რუსული სახელმწიფო დროშის გვერდზეა გამოფენილი.  
 
“ეს არის მშვიდობის დღესასწაული“, – განუცხადა სანაკოევმა ჟურნალისტებს ცერემონიის შემდეგ.
 
მან უკვე დაიწყო მთავრობის დაკომპლექტება, რომელშიც 12 მინისტრი შევა. სამი მათგანი უკვე წარდგენილია.   
 
მთავრობის მეთაურის პოსტზე წარდგენილია ურუზმაგ ქარქუსოვი. იგი 12 ნოემბერს სეპარატისტული საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გამართული ალტერნატიული არჩევნების ადმინისტრირებას კურირებდა.
 
მისი ძმა – ჯემალ ქარქუსოვი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზეა წარდგენილი.


ჯემალ ქარქუსოვი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანია. თუმცა, სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან უთანხმოების შემდეგ იგი ოსმა სამართალდამცავებმა 2005 წლის აპრილში იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააპატიმრეს. ქარქუსოვი 2005 წლის ნოემბერში ციხიდან გაიქცა, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მათი ხელშეწყობით.  
 
მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს. ჩიგოევა-ცაბოშვილი ქართულ–ოსური კავშირი “იბერ–ირონის“ ხელმძღვანელია.

“ალტერნატიული მთავრობის სრულად დაკომპლექტება, სავარაუდოდ, მაქსიმუმ 10 დღეში დასრულდება“,- განუცხადა მაია ჩიგოევა–ცაბოშვილმა 1 დეკემბერს “სივილ ჯორჯიას“. სავარაუდოდ, ამ დროისთვის გახდება ცნობილი სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის გეგმებიც.

Exit mobile version