საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 23 ნოემბერს განაცხადა, რომ მას “საბოლოო სურათი“ ირანიდან გაზის შესაძლო იმპორტის თაობაზე, სავარაუდოდ, დეკემბერში ექნება.
პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება ირანის ვიცე-პრეზიდენტთან ფერვეზ დავუდისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა. შეხვედრა სტამბოლში შედგა, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს.
“ამჟამად გაზის მოწოდების თაობაზე მოლაპარაკებებს ოთხ ქვეყანასთან ვაწარმოებთ [აზერბაიჯანი, ირანი, რუსეთი და თურქეთი] და ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტს შევარჩევთ. ეს კომერციული მოლაპარაკებებია, ამიტომ მოლაპარაკებების დეტალებზე საუბარი არ მინდა… იანვარში გაზი გვექნება; თუმცა, ფასზე და გაზის რაოდენობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“, – განაცხადა ნოღაიდელმა.
პრემიერ-მინისტრი, რომელსაც სტამბოლში ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაურიც ახლავს, უკვე შეხვდა თავის თურქ კოლეგას რეჯეპ ტაიპ ერდოგანს და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრს ჰილმი გიულერს.
“კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ ამ მოლაპარაკებებში და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი თვის განმავლობაში ჩვენ დავასრულებთ ამ მოლაპარაკებას“, – განუცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ჟურნალისტებს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
საქართველო დიდ იმედებს სამხრეთ კავკასიურ ანუ ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე ამყარებს, რომლის საშუალებითაც მოხდება შაჰ-დენიზის აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება თურქეთში საქართველოს გავლით.
მომავალ წელს საქართველო 200 მილიონ კუბურ მეტრ აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს, როგორც სატრანზიტო ქვეყანა; ამას ემატება 50 მილიონი კუბური მეტრი შეღავათიან ფასად – 55 აშშ დოლარად 1000 კუბურ მეტრზე. მაგრამ იმისთვის რომ რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს, საქართველო ცდილობს ამ რაოდენობაზე გაცილებით მეტი იაფი გაზი შეიძინოს შაჰ-დენიზის პროექტიდან.
ამ მიზნით, თბილისს არა მარტო აზერბაიჯანის, არამედ თურქეთის დაყოლიება მოუწევს, რადგანაც თურქეთი სამხრეთ კავკასიური გაზსადენის პროექტის მონაწილეა.
თუმცა, თურქული და აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანი ვერ შეძლებს დამატებითი გაზი მიაწოდოს საქართველოს, რადგანაც 2007 წელს ბაქო შესაძლოა თავად დადგეს გაზის დეფიციტის საფრთხის წინაშე.
აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო “ტრენდი“ იტყობინება აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტის როვნაგ აბდულაევის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ რუსეთი აზერბაიჯანისთვის გაზმომარაგების შემცირებას 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გეგმავს.
22 ნოემბერს ქართულმა ტელევიზიებმა გადასცეს აზერბაიჯანული ტელეკომპანიების მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელშიც აბდულაევი აზერბაიჯანში ჟურნალისტებს ესაუბრება. ქართული თარგმანის მიხედვით, აბდულაევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსება შაჰ-დენიზის საბადოდან მოუწევს. ამ განცხადებამ ქართულ მედიაში გააჩინა ვარაუდი, რომ ბაქო ვეღარ შეძლებს საქართველო დამატებითი გაზით მოამარაგოს.
თუმცა, ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა უარყო ეს ეჭვები.
“აზერბაიჯანს არასდროს უთქვამს, რომ საქართველოს გაზს არ მიაწვდის. ეს მხოლოდ მედიით გავრცელებული ინფორმაცია იყო“, – განუცხადა გილაურმა 23 ნოემბერს ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური ბაქოში ნოემბრის ბოლოს გაემგზავრებიან და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან გაზის მოწოდებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
რუსულმა ენერგოკომპანია “გაზპრომმა” განაცხადა, რომ 2007 წლის იანვრიდან საქართველოს 1000 კუბურ მეტრ გაზს 230 აშშ დოლარად მიჰყიდის. “გაზპრომმა“ ასევე შესთავაზა თბილისს გაყიდოს თავისი მაგისტრალური გაზსადენი იაფი გაზის სანაცვლოდ, თუმცა საქართველომ არ მიიღო ეს წინადადება და მას “შანტაჟი“ უწოდა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 14 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველო არ გადაიხდის 230 აშშ დოლარს 1000 კუბურ მეტრ რუსულ გაზში, რაც, მისი თქმით, “პოლიტიკური ფასია“.