თვითგამოცხადებული აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოები დღეს დილიდან გალის რაიონში “პროფილაქტიკურ ღონისძიებებს“ ატარებენ საპასპორტო რეჟიმის შემოწმების მიზნით, იუწყება 22 ნოემბერს “აფსნიპრესი“ დე ფაქტო შსს–ს წარმომადგენელზე დაყრდნობით.
ამავე ინფორმაციით ღონისძიებები ტარდება გალის რაიონის სამ სოფელში: ჟუბურხინჯში, განახლებაში და თაგლანში.
დღეს დილიდან ტელეკომპანია “რუსთავი 2“–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ გალის ქართულ სოფლებში შეიყვანა მძიმე ტექნიკა და სპეცდანიშნულების ნაწილები. ტელეკომპანიის ვარაუდით, სეპარატისტები ვარდების რევოლუციის სამი წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც 23 ნოემბერს აღინიშნება, საქართველოს მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს ელიან.