ბაღაფში და კოკოითი მოლაპარაკებებისთვის პირობებს აყენებენ

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითმა 17 ნოემბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ისინი განაახლებენ მოლაპარაკებებს თბილისთან მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართული მხარე გამოთქვამს სურვილს ხელი მოაწეროს ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმებას.


აფხაზეთის ლიდერმა განაცხადა, რომ სოხუმი ასევე მოითხოვს ზემო კოდორის ხეობიდან აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის გაყვანას.


“არ იქნება მოლაპარაკებები, სანამ [თბილისი] არ გაიყვანს ჯარებს და ე.წ. მთავრობას ზემო კოდორის ხეობიდან“, – იტყობინება “ინტერფაქსი“ ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.


“ჩვენ ვთავაზობთ ქართულ მხარეს ხელი მოაწეროს მემორანდუმს საომარი მოქმედებების განუახლებობის შესახებ. თუ ბატონი სააკაშვილი მზად არის ეს გააკეთოს, ჩვენ მზად ვიქნებით შევხვდეთ მას ნებისმიერ დროს“, – განაცხადა სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა.


ქართული მხარე აცხადებს, რომ თბილისი მაშინ მოაწერს ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმებას ხელს, როდესაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაცია მოხდება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version