სანკტ-პეტერბურგში „კავკასიის ოთხეულის“ შეხვედრა გაიმართა

სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარეები 16 ნოემბერს დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ფარგლებში სანკტ-პეტერბურგში შეიკრიბნენ.


რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა “ამ არც თუ ისე მარტივ რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით ახალი საპარლამენტო მექანიზმების“ შექმნის შესაძლებლობები განიხილეს. თუმცა, დეტალების შესახებ მას არ უსაუბრია, იტყობინება “იტარ-ტასი“.


“კავკასიის ოთხეულის“ ბოლო შეხვედრა 2005 წლის სექტემბერში მოსკოვში გაიმართა. მომდევნო შეხვედრა თბილისში მომავალ წელს ჩატარდება.


ამასობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.


“მე კვლავ უარი მითხრა ბატონმა გრიზლოვმა შეხვედრაზე, რაც, ჩემი აზრით, არც თუ ისე პოზიტიურია ჩვენი ურთიერთობებისთვის“, – იტყობინება “რია ნოვოსტი“ ბურჯანაძის სიტყვებზე დაყრდნობით.


გრიზლოვმა ერთხელ უკვე უთხრა უარი ბურჯანაძეს შეხვედრაზე სანკტ-პეტერბურგში, 2006 წლის აპრილში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version