ამერიკის შეერთებული შტატები არ მოიწონებს საქართველოს გრძელვადიან თანამშრომლობას ირანთან ენერგეტიკის სფეროში, მაგრამ როგორც ჩანს, მან შესაძლოა თვალი დახუჭოს საქართველოსა და ირანს შორის მოკლევადიან გარიგებებზე, რაც ზამთრის პერიოდში გაზის მოწოდებას ითვალისწინებს.
აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა გაზეთ “კვირის პალიტრა” –სთან ინტერვიუში, რომელიც 27 ნოემბერს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ საქართველოსა და ირანს შორის ენერგოსაკითხებში გრძელვადიანი და სტრატეგიული პარტნიორობა მიუღებელია.
მისი თქმით, აშშ-ს პოზიცია ემყარება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ირანზე და მის ბირთვულ პროგრამას.
ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გაგებით მოეკიდა საქართველოს და ირანს შორის 2006 წლის იანვარში მიღწეულ მოკლევადიან გარიგებას, როდესაც საქართველოს ფორსმაჟორულ ვითარებაში ირანიდან მოუწია გაზის შემოტანა, მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ ოსეთში ორ გაზსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთიდან გაზის იმპორტი შეწყდა.
“მე არ ვიცი რა განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა და რაც შეეხება ირანთან ენერგეტიკის სფეროში ჩვენს ურთიერთობებს, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ირანთან ენერგეტიკული ურთიერთობები. ჩვენ ვიყიდით ალბათ წელს ირანიდან გაზს და ჩვენ გვექნება ირანთან ელექტროენერგიის გაცვლა“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 27 ნოემბერს.
“უფრო მეტიც, ჩვენ გვქონდა საუბარი აშშ–ს წარმომადგენლებთან და მათ ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, მეთ ბრაიზამ განაცხადა ეს საქართველოში ყოფნის დროს, რომ აშშ, რა ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეს მას თვითონ ირანთან, ვერ გვეტყვის ჩვენ და არც გვეუბნება, რომ ჩვენ აქ ზამთარში სიცივით უნდა მოვკვდეთ და ელექტროენერგია და გაზი არ მივიღოთ ირანიდან“, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.
ნოღაიდელს მხედველობაში ჰქონდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მეთიუ ბრაიზას მიერ თბილისში 17 ნოემბერს გაკეთებული განცხადება:”მაშინ როდესაც ჩვენ ჩვენი პოლიტიკა გვაქვს ირანთან მიმართებაში, ნამდვილად არ გვინდა, რომ საქართველო, ან სომხეთი ან რომელიმე სხვა ქვეყანა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომ ენერგორესურსის გარეშე დარჩნენ ზამთარში“.
ბრაიზას განცხადება ბევრმა საქართველოში აღიქვა, როგორც ვაშინგტონის თანხმობა საქართველოს ენერგოთანამშრომლობაზე ირანთან. თუმცა, “კვირის პალიტრა“-სთან ინტერვიუში აშშ-ს ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ “მეთიუ ბრაიზას ამ განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა“.
იმის მიუხედავად, რომ ნოღაიდელმა 27 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველო “ალბათ იყიდის“ ირანულ გაზს, მან არ დააკონკრეტა არც დეტალები და არც გაზის ის რაოდენობა, რომლის იმპორტიც საქართველოს ირანიდან სურს.
მისი თქმით, თბილისი მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან, ირანთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან გაზის მოწოდების თაობაზე. “ჩვენ ჩვენი კომპანიებისა და მომხმარებლებისთვის საუკეთესო ვარიანტს შევარჩევთ“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
ენერგეტიკის მინისტრთან ნიკა გილაურთან ერთად, ზურაბ ნოღაიდელი მიმდინარე კვირას ბაქოს ეწვევა, სადაც აზერბაიჯანის ოფიციალური პირებთან საქართველოს მიერ შაჰ-დენიზის დამატებითი გაზის შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს.
ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა თბილისში უკვე მიანიშნა, რომ ამ მოლაპარაკებების კონკრეტული დეტალები და გაზის მოწოდების პერსპექტივები მხოლოდ ბაქოში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გახდება ცნობილი.
დეკემბრის ბოლოს კი ზურაბ ნოღაიდელის მონაწილეობით ირანში ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება. “სწორედ იქ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ირანიდან გაზის შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით”, – იტყობინება პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური.
ამავდროულად, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხელისუფლებას გაზის მიღების პერსპექტივებზე ღია საუბრისაკენ მოუწოდეს.
“პრეზიდენტი ამბობს, რომ არ იყიდის გაზს რუსეთისგან 230 აშშ დოლარად, ჩვენი მეგობარი – ამერიკის შეერთებული შტატები – გვეუბნება, რომ არ ვიყიდოთ ირანული გაზი; სავსებით ნათელია, რომ შაჰ-დენიზის გაზი საკმარისი არ არის, რომ საქართველოს მთლიანი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ამდენად, გვაინტერესებს რის გაკეთებას აპირებს მთავრობა. როგორც ჩანს, ჩვენი მთავრობა რაღაც მითიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს“, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.