სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ცესკო–მ წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ედუარდ კოკოითმა 12 ნოემბერს  ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 96% მოიპოვა, ხოლო რეფერენდუმზე რეგიონის დამოუკიდებლობას მხარი ამომრჩეველთა 99%–მა დაუჭირა.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 13 ნოემბერს ასევე იტყობინება, რომ არჩევნების და რეფერენდუმის საბოლოო შედეგები 5 დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.


ედუარდ კოკოითს “დამაჯერებელი“ გამარჯვება უკვე მიულოცა  თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა და ასევე ყარაჩაი–ჩერქეზეთის პრეზიდენტმა მუსტაფა ბადტიევმა.

“ჩვენი ახალგაზრდა რესპუბლიკების წინაშე მდგარი ამოცანები ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზ და ოსი ხალხს შორის კავშირის კიდევ უფრო გამყარება”, – განუცხადა ბაღაფშმა კოკოითს სატელეფონო საუბარში, იტყობინება ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version