პრეზიდენტმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების მოტივები ახსნა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ეკონომიკის მინისტრად დანიშვნა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაზე შეტევაა.


ფინანსური პოლიციის ყოფილი შეფი, 28 წლის დავით კეზერაშვილი ოქრუაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტზე შეცვლის. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბევრი ფიქრის შედეგად თავდაცვის ახალ მინისტრზე, “ცოტა არაორდინალური გადაწყვეტილება” მიიღო.


რაც შეეხება სხვა საკადრო ცვლილებებს, ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრი ირაკლი ჩოგოვაზე ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციას ჩაუდგება სათავეში, რომელიც ამ სახელმწიფო კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს დავით ინგოროყვას შეცვლის. სოფლის მეურნეობის მინისტრი მიხეილ სვიმონიშვილი გურიის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული გახდა. კახეთის გუბერნატორმა პეტრე ცისკარიშვილმა კი სვიმონიშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ჩაანაცვლა.


10 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებების  შედეგად ეკონომიკური გუნდი გაძლიერდა.


“რატომ ირაკლი ოქრუაშვილი? მე მინდა შევახსენო ყველას, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ირაკლი დავნიშნე მე გენერალურ პროკურორად[2004 წლის იანვარში] და მან ჩამოაყალიბა ის მოდელი, რომელიც დღესაც ძალიან წარმატებით მუშაობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში… შემდეგ ჩვენ გვჭირდებოდა პოლიციის რეფორმა და დავნიშნეთ იქ ოქრუაშვილი [2004 წლის ივნისში], რომელმაც მთელი პოლიცია გაუშვა ქუჩაში და შექმნა იქ ახალი საპარტულო სამსახური. როდესაც მე ირაკლის ჩავაბარე შეიარაღებული ძალები [2004 წლის დეკემბერში], არ არის საიდუმლო, რომ მაშინ ეს იყო თითქმის მთლიანად დაშლილი ორგანიზმი და მექანიზმი, ჩვენ არ გვქონდა საკმარისი დისციპლინა, შესაბამისი აღჭურვა, მატერიალური ბაზა. ჩვენ ყველამ ერთად ირაკლის მეშვეობით შევქმენით რეგიონში ერთ–ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი, მაგრამ ყველაზე თანამედროვე შეიარაღებული ძალები. და ჩვენ უკვე მივედით ძალიან კარგ ეტაპზე შეიარაღებული ძალების მშენებლობის, მივედით იმ ეტაპზე, როცა შეიარაღებული ძალები დღეს უკვე მზად არის შეასრულოს ნებისმიერი ამოცანა და ცოტა ხნის წინ თქვენ ეს ძალიან კარგად დაინახეთ ზემო აფხაზეთში განხორციელებული ოპერაციის დროს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, რუსული ეკონომიკური ბლოკადის პირობებში საქართველოს “თავდაცვის ფრონტის ხაზი ეკონომიკაზე გადის“.


“და ჩვენ ოქრუაშვილი ზუსტად იქ გავაგზავნეთ“, – დასძინა მან.


პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო უნდა გახდეს “ძლიერი და კონსოლიდირებული“ სტრუქტურა, რომელიც ძირითად აქცენტებს ინვესტიციების მოზიდვაზე და ქართული პროდუქციისათვის ახალი ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს.


“მიუხედავად ყველანაირი ემბარგოებისა და სანქციებისა, ჩვენ უნდა შევქმნათ ხელსაყრელი ეკონომიკური და საინვესტიციო გარემო… [სახელმწიფო] დასაქმების პროგრამა გადავა ეკონომიკის სამინისტროში. საგარეო ბაზრებზე გასვლა და ახალი ბაზრების მოპოვება  – ყველაზე მთავარი რამ  – მთლიანად გადადის ეკონომიკის სამინისტროში… ამ გაგებით ჩვენ ვქმნით ძლიერ, ძალიან მნიშვნელოვან სამინისტროს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მაგრამ მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკაზე ყურადღების გადატანით “ჩვენ ერთი წუთით არ შევასუსტებთ კონტროლს და განვითარებას შეიარაღებული ძალების“. 


“თავდაცვის მინისტრზე ბევრი ვიფიქრე და ცოტა არაორდინალური გადაწყვეტილება მივიღე. ეს იყო ჩემი და ოქრუაშვილის ერთობლივი გადაწყვეტილება“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“კეზერაშვილი არ არის კრიტიკისგან დაზღვეული პიროვნება. რატომ? იმიტომ, რომ მსოფლიოში არავის არ უყვარს გადასახადების გადახდა. არ იქნებოდა კეზერაშვილი და არ იქნებოდა გადასახადების აკრეფა… როცა კრეფ გადასახადებს ძალიან ცოტა ადამიანს უყვარხარ და გყავს ძალიან ბევრი მტერი“, – განაცხადა პრეზიდენტმა. 


კეზერაშვილი ფინანსურ პოლიციას შექმნის დღიდან, 2004 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობს. ფინანსური პოლიცია ეკონომიკური დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შეიქმნა. ფინანსთა სამინისტროს ეს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც პრეზიდენტს პირდაპირ ექვემდებარებოდა, საკმაოდ გავლენიან სამსახურად იქცა და ხშირად გამხდარა კიდეც კრიტიკის ობიექტი ბიზნესისადმი მკაცრი მოპყრობის გამო. ფინანსური პოლიცია 2007 წლიდან საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებთან ერთად ფინანსთა სამინისტროს ახალ სტრუქტურულ ერთეულში გაერთიანდება.


ოპოზიციის რეაქცია
 
ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა უკვე განაცხადა, რომ მთავრობაში ცვლილებების გატარების მთავარი მიზეზი სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენის ვადების თაობაზე ოქრუაშვილის კატეგორიული განცხადებები გახდა.
 
2006 წლის მაისში ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ იგი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგება, თუ საქართველო სამხრეთ ოსეთს 2007 წლის 1 იანვრისთვის ვერ დაიბრუნებს.
 
“ამგვარი ცვლილებები მთავრობაში მოსალოდნელი იყო სამხრეთ ოსეთის შესახებ ოქრუაშვილის განცხადებების შემდეგ. რომელმა პარტიამ გაიმარჯვა საქართველოში – ომის თუ მშვიდობის პარტიამ – დასკვნა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა მრეწველთა პარტიიდან. მან მინიშნება გააკეთა მთავრობაში ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით “ომის პარტიის“ არსებობის შესახებ გავრცელებულ მოსაზრებაზე.
 
“ნათელი იყო, რომ ოქრუაშვილი ამ თანამდებობას დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა მისი პოლიტიკური განცხადებების გამო“, – განაცხადა დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ ახალი მემარჯვენეებიდან.
 
“მე ვფიქრობ, რომ ეს ცვლილება იწვევს საქართველოს მთავრობის კურსის შეცვლას და აქ მე ვგულისხმობ ოქრუაშვილის პოლიტიკურ განცხადებებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ“, – განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატორული პარტიიდან. 


მაგრამ დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან უარყვეს, რომ საკადრო გადაწყვეტილება ოქრუშვილის განცხადებებს უკავშირდება.
 
“ამ გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო ოსეთის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან”, – განაცხადა დეპუტატმა ნიკა რურუამ.
 
გავლენიანმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ეკონომიკის მინისტრის რანგში ირაკლი ოქრუაშვილმა “რუსეთს ეკონომიკური ომი უნდა მოუგოს“.


“ეკონომიკაში ჩვენ ოქრუაშვილის მსგავსი მძიმეწონიანი პოლიტიკოსი გვჭირდებოდა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ ომს მოიგებს”, –განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.
 
ზოგიერტმა რუსმა პოლიტოლოგმა უკვე განაცხადა, რომ ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებამ შესაძლოა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე დადებითად იმოქმედოს.
 
“ოქრუაშვილის გადაყენება ეს არის საქართველოს ხელისუფლებაში არსებული ‘ომის პარტიის’ დიდი წარმუმატებლობა და ეს ცვლილება ნიშნავს მნიშვნელოვან ცვლილებებს ქართულ პოლიტიკაში”, – განუცხადა პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა სერგეი მარკოვმა სააგენტო “რია ნოვოსტის”.


თუმცა 10 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყოველგვარი სხვა ვარაუდები მთავრობაში ცვლილებების მოტივების შესახებ უსაფუძვლოა.

“5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩვნებზე ჩვენ მივიღეთ ხმების 75%–ზე მეტი ეს მეტყველებს იმაზე, რომ რევოლუციიდან 3 წლის თავზე ჩვენ გვაქვს ძალიან მძლავრი მხარდაჭერა და ურთიერთგაგება ჩვენ საზოგადოებასთან, მაგრამ ამავე დროს ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ საჭიროა მუდმივი განახლება, მუდმივი კორექტირება, იმიტომ რომ საქართველო, ერთი მხრივ წარმატებით ატარებს საკუთარ კურსს და  მეორეს მხრივ, არის ძალიან სერიოზული დაწოლის ქვეშ… ამავე დროს მიდის პროპაგანდა ჩვენი საზოგადოების დემორალიზაციის მიზნით”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მინისტრთა კაბინეტში ამ საკადრო ცვლილებებს პარლამენტის თანხმობა არ სჭირდება, რადგან მთავრობის 1/3 არ შეცვლილა.

Exit mobile version