პარლამენტმა დსთ-დან გამოსვლაზე გადაწყვეტილების მიღება გადადო

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ უარი განაცხადა მხარი დაეჭირა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ) საქართველოს გამოსვლის შესახებ დადგენილების პროექტისთვის, ოპოზიციონერი კანონმდებლები კენჭისყრის გადადებაზე დათანხმდნენ.


“ჩვენ ვეთანხმებით ამ საკითხს, თუმცა არ ვეთანხმებით, რომ ახლა ტაქტიკურად ეს გადაწყვეტილება იქნება სწორი, უფრო მეტიც შეიძლება ზიანის მომტანიც კი იყოს და ამიტომ თავს ვიკავებთ ყოველგვარ პოლემიკაში შესვლისაგან“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ.


“ჩვენ უკეთესი დრო უნდა შევარჩიოთ დსთ-დან გამოსასვლელად და ეს არ უნდა იყოს ემოციებზე დამყარებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.


საპარლამენტო ფრაქცია დემოკრატიულ ფრონტს, რომლის ინიციატივითაც იქნა წარდგენილი დადგენილების პროექტი, უფლება ჰქონდა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება მოეთხოვა. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა ამ საკითხს სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერდა, რაც ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან მათი მწვავე კრიტიკის მიზეზი გახდებოდა. დსთ-დან გამოსვლაზე უარის თქმა საკმაოდ არაპოპულარულია საქართველოს მოსახლეობაში. 


ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი მზად იყვნენ კომპრომისისთვის. კერძოდ, არ მოითხოვეს კენჭისყრა, რათა თავი აერიდებინათ უთანხმოების დემონსტრირებისაგან საქართველოს პარლამენტში რუსეთთან არსებული დაძაბულობის ფონზე.


მაგრამ დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა ფრაქცია დემოკრატიული ფრონტიდან მოსთხოვა საპარლამენტო უმრავლესობას საკითხი განხილვის სავარაუდო დროის დათქმა.

“ჩვენი დახურული კონსულტაციების დროს [ოპოზიციონერ დეპუტატებთან 9 ნოემბერს] ჩვენ ვისაუბრეთ ამ გადაწყვეტილების მიღების შესაძლო თარიღის თაობაზე და ამ თარიღის საჯაროდ განხილვისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ საპასუხოდ.


“ჩვენ თანახმა ვართ გადავდოთ კენჭისყრა და საკითხის განხილვა, მაგრამ იმ პირობით, რომ განხილვა დეკემბრის პირველ ნახევარში შედგება. თუ დეკემბრის შუა რიცხვებამდე განხილვა არ შედგება, ჩვენ დაუყონებლივ კენჭისყრას მოვითხოვთ ამ საკითხზე“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.


“დსთ-დან გამოსვლა სტრატეგიული მნიშვნელობის არის… ჩვენ ახალი პოლიტიკა უნდა დავიწყოთ და საბოლოოდ გავაუქმოთ შევარდნაძის დროინდელი პოლიტიკის გადმონაშთები და გამოვიდეთ დსთ-დან…ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა დავრჩეთ დსთ-ში. პრეზიდენტი [სააკაშვილი] გეგმავს დსთ-ს სამიტში მონაწილეობას [ნოემბრის ბოლოს]; ეს მისი უფლებაა. მაგრამ არ მინდა ვნახო როგორ ამცირებენ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს იქ“, – დასძინა მან.


16 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე სანკტ-პეტერბურგში მიემგზავრება, სადაც დსთ-ს ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version