პარლამენტი შესაძლოა უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თემურ ჟორჟოლიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით იმ მოტივით მიმართა, რომ იგი რელიგიური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.


ქართული მედიის ცნობით, თემურ ჟორჟოლიანს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ყოფილი დეპუტატის გია ნუცუბიძის სკანდალთან, რომელსაც პარლამენტმა უფლებამოსილება 28 ოქტომბერს პროკურატურის შუამდგომლობით მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც ის განათლების მინისტრის მოადგილის თემურ სამადაშვილისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჟორჟოლიანს ნუცუბიძის ამ ქმედებასთან კავშირი ჰქონდა.


თუმცა გია ნუცუბიძის ადვოკატი აცხადებს, რომ ყოფილი დეპუტატი დუმილის უფლებით სარგებლობს და მას ჩვენება ჟორჟოლიანის წინააღმდეგ არ მიუცია.


თემურ ჟორჟოლიანისთვის, რომელიც პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის სიით მოხვდა და ჯანდაცვისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების წევრია, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი სავარაუდოდ უახლოეს ხანებში იმსჯელებს.


საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ ჯორჯოლიანის გადაწყვეტილება აღმასრულებელი ხელისუფლების ზეწოლის შედეგია.

Exit mobile version