რუსული გაზის ღირებულების ზრდა შეანელებს საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტემპებს, თუმცა ის დამღუპველ ზემოქმედებას ვერ მოახდენს, აცხადებენ საქართველოს ოფიციალური პირები და ექსპერტები.
რუსეთის ენერგოკომპანია “გაზპრომმა“ განაცხადა, რომ აპირებს 2007 წლიდან საქართველოსთვის გაზის ფასი ორჯერ მეტით – 230 აშშ დოლარამდე გააძვიროს. ამჟამად, საქართველოს გაზის გამანაწილებელი კომპანიები მოლაპარაკებებს მართავენ “გაზპრომთან“ და საბოლოო შეთანხმებას ფასის თაობაზე, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში მიაღწევენ.
ჯერ–ჯერობით არ არსებობს ზუსტი ციფრები, თუ როგორ აისახება გაზის ღირებულების ზრდა ეკონომიკურ ზრდაზე – შენელდება თუ არა ტემპი 2 ან 3%-ით.
“საქართველოს ეკონომიკა და ფისკალური მდგომარეობა მზად არის იმისთვის, რომ ასეთ შოკებს გაუძლოს. თავისთავად, ამას გარკვეულწილად ექნება გავლენა, მაგრამ არა ისეთი, რომ მან მნიშვნელოვნად შეაფერხოს განვითარების ტენდენცია. გუშინ, გავრცელდა Standard&Poor’s ანალიზი, რომლის მიხედვითაც მთლიან შიდა პროდუქტზე ამ გადაწყვეტილების [გაზის ღირებულების ზრდის] ზეგავლენა იქნება მხოლოდ 1,1%“, – განუცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა ჟურნალისტებს 3 ნოემბერს.
“ეს [ეკონომიკურ] ზრდას შეანელებს მომავალ წელს, რაც უეჭველია. თუმცა, მნიშვნელოვანია, თუ როგორ უპასუხებს ამას მთავრობა“, – განუცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში რობერტ კრისტიანსენმა „სივილ ჯორჯიას“ 3 ნოემბერს.
ზემოქმედების მასშტაბები ძირითადად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ: 1) რა რაოდენობის გაზი იქნება მოხმარებული ქვეყანაში; 2) როგორ უპასუხებს მთავრობა ამ ეკონომიკურ შოკს და 3) რა რაოდენობის გაზის შესყიდვას შეძლებს საქართველო სამხრეთ კავკასიის, ანუ შაჰ-დენიზის გაზსადენიდან.
რუსეთი არ იქნება გაზის ერთადერთი მომწოდებელი საქართველოსთვის მომავალ წელს.
“პირველ გაზს შაჰ-დენიზის გაზსადენიდან 2006 წლის დეკემბერში მივიღებთ“, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა 3 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, შაჰ-დენიზიდან 200 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს წელიწადში, ამას ემატება 50 მილიონი კუბური მეტრი შეღავათიან ფასად.
შაჰ-დენიზის გაზის საერთო რაოდენობა – 250 მილიონი კუბური მეტრი – დაეხმარება საქართველოს ნაწილობრივ გაანეიტრალოს რუსული გაზის გაძვირებით გამოწვეული სიმძიმე. გაზის საშუალო ღირებულება ამ ორი წყაროდან მოწოდებული გაზის ფასების შეჯერებით 1000 კუბურ მეტრზე 191 აშშ დოლარი იქნება.
თუმცა, საქართველო ცდილობს, რომ 2007 წელს უფრო მეტი, იაფი გაზი შეიძინოს შაჰ-დენიზიდან.
“მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან და თურქეთთან ამ საკითხზე“, – განაცხადა გილაურმა 3 ნოემბერს.
თუ საქართველო წარმატებას მიაღწევს ამ მოლაპარაკებებში და დამატებით უფრო იაფ გაზს შეიძენს შაჰ-დენიზიდან, ეს კიდევ უფრო შეამცირებს საშუალო ღირებულებას.
სსფ-ს წარმომადგენელი რობერტ კრისტიანსენი აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა უნდა მოერგოს რუსული გაზის გაძვირებით გამოწვეულ ახალ პირობებს.
“რასაც ჩვენ ველით [გაზის ღირებულების გაზრდისგან] არის ის, რომ მომხმარებელმა დაზოგოს გაზის მოხმარება“, – განაცხადა მან, თან იქვე დასძინა, რომ მაგალითად, ზოგიერთი სამრეწველო ობიექტი შესაძლოა გადავიდეს ქვანახშირის მოხმარებაზე, ნაცვლად ძვირი რუსული გაზისა.
2006 წლის ბოლოს გაზის მოხმარება 1,9 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს, თუმცა 2007 წელს გაზის ფასის გაზრდის შემდეგ ამ მაჩვენებელმა, სავარაუდოდ, 1,7 მილიარდ კუბურ მეტრს არ უნდა გადააჭარბოს.
შესაძლებელი იქნება თუ არა გაზის ეკონომიურად მოხმარება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ უპასუხებს მთავრობა ამ ეკონომიკურ შოკს.
“სსფ-ს რჩევაა, რომ არ მოხდეს გაზრდილი ფასის სუბსიდირება და სანაცვლოდ გაიცეს ფულადი კომპენსაციები დაბალშემოსავლიან ოჯახებზე“, – განაცხადა რობერტ კრისტიანსენმა.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მხრიდან გაზის ტარიფის სუბსიდირება უდაოდ პოპულარული პოლიტიკური ნაბიჯი იქნება, ამას უარყოფითი ზეგავლენა ექნება ეკონომიკაზე გრძელვადიან პერსპექტივაში.
მოქმედი რუსული ეკონომიკური სანქციების პირობებში საქართველომ 2006 წელს დაახლოებით 8%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია, “რაც ცუდი არ არის“, – განაცხადა კრისტიანსენმა.
“უმეტეს შემთხვევებში დაწესებული სანქციები სერიოზული ეკონომიკურ ზემოგავლენას ვერ ახდენენ“, – დასძინა მან.