“ოსთა ხსნის კავშირი“ სამხრეთ ოსეთში მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს

ორგანიზაცია “ოსთა ხსნის კავშირმა“ 2 ნოემბერს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ შესაძლოა თვითგამოცხადებულ რეგიონში პროვოკაციები განახორციელოს.


“ცხინვალის ხელისუფლება გეგმავს პროვოკაციებს საარჩევნო უბნებზე ტერორისტული აქტების მოწყობის გზით, რათა შემდეგ ეს საქართველოს ხელისუფლებას დააბრალოს და ოფიციალური თბილისის დისკრედიტაცია მოახდინოს. მე ეს ინფორმაცია ცხინვალიდან წყარომ მომაწოდა“, – განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვლადიმერ სანაკოევმა 2 ნოემბერს.


მისი თქმით, სეპარატისტების ორგანიზებული პროვოკაციები წონას შემატებს მათ ადრინდელ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს მათ წინააღმდეგ დივერესიული აქტების მოწყობას. 


ცხინვალის ოფიციალურმა პირებმა ქართული მხარე პროვოკაციების დაგეგმვაში დაადანაშაულეს, რაც მათი თქმით, მიზნად ისახავს თვითგამოცხადებულ რეგიონში 12 ნოემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების და დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩაშლას. 


სამხრეთ ოსეთის მხარის განცხადებით, ის ოთხი ჩეჩენი მებრძოლი, რომლებიც ოსმა სამართალდამცავებმა 31 ოქტომბერს ჯავის რაიონში მოკლეს, საქართველოს ხელისუფლებამ დაიქირავა რეგიონში დივერსიული აქტების განხორციელების მიზნით. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version