იგორ ივანოვი ფიქრობს, რომ რუსეთ–საქართველოს შორის დაძაბულობა დროებითი მოვლენაა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობა დროებითი მოვლენაა და მოუწოდებს თბილისს თავი შეიკავოს “მუქარისა და პროვოკავიებისაგან“ და მიჰყვეს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების კურსს, იუწყება “რია ნოვოსტი“ 31 ოქტომბერს.


“თუ საქართველო ამ გზას დაადგება და არა მუქარებისა და პროვოკაციების გზას, რასაც მუდმივად აქვს ადგილი, მაშინ ჩვენ ქვეყნებს შორის ატმოსფერო სრულიად სხვანაირი გახდება. რადგან ჩვენ მივიჩნევთ, რომ ახლანდელი ასტმოსფერო არ ასახავს იმ ისტორიულ და კულტურულ ფესვებს, რომელიც ჩვენს შორისაა და მე ვფიქრობ, რომ ეს დროებითი მოვლენა უნდა იყოს“, – განაცხადა იგორ ივანოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრის წინ. 


მისი თქმით, აუცილებელია თბილისმა დიალოგი აწარმოოს სოხუმთან და ცხინვალთან და ხელი მოაწეროს ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმებებს.


“პირველ რიგში, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს – ხელი უნდა მოაწეროს კონფლიქტების მხარეებთან შეთანხმებებს, რომ ყველა პრობლემა გადაწყდება მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით“, – აცხადებს იგორ ივანოვი.


მისი თქმით, ვერცერთი სხვა ქვეყანა ვერ გადაწყვეტს საქართველოს პრობლემებს კონფლიქტურ რეგიონებთან.


“ეს პრობლემები უნდა გადაწყდეს კონფლიქტების მხარეებს შორის მოლაპარაკებათა მაგიდაზე… და რუსეთის მხრებზე ამ პრობლემების მოგვარების გადატანის მცდელობა არასწორი და უპერსპექტივოა“, – აცხადებს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი.


ივანოვი ასევე აცხადებს, რომ საქართველო არ ასრულებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, “კერძოდ, კოდორის ხეობიდან ქართული ჯარების გაყვანის“ თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version