კოკოითმა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრა გადაიფიქრა

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ადასტურებს ჯავის რაიონში ქართული ‘დივერსიული’ ჯგუფის ლიკვიდაციის ფაქტს და აცხადებს, რომ აღარ აპირებს მოლაპარაკებები გამართოს ‘ტერორისტულ სახელმწიფოსთან’, იუწყება “ინტერფაქსი“ 31 ოქტომბერს.


კოკოითმა  30 ოქტომბერს გარკვეული პირობების წამოყენების სანაცვლოდ თანხმობა განაცხადა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე. ქართული მხარე ამ შეხვედრის ბაკურიანში გამართვის ინიციატივით 27 ოქტომბერს გამოვიდა.


“მე ვადასტურებ, რომ დღეს სამხრეთ ოსეთის ჯავის რაიონში განადგურებული იქნა ქართული დივერსიული ჯგუფი 4 კაცის შემადგენლობით, რომელიც გეგმავდა რიგი ტერაქტების განხორციელებას სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის თაობაზე [12 ნოემბერს] დაგეგმილი რეფერენდუმის წინ, მათ შორის იგეგმებოდა დივერსიები სატრანსპორტო მაგისტრალებზე, რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთთან აკავშირებს“, – განაცხადა ედუარდ კოკოითმა.


ქართულ მხარეს ჯერ–ჯერობით ჯავის რაიონის სოფელ სინაგურთან მომხდარი შეტაკების შესახებ ცხინვალის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version