ბაღაფში კოდორის ხეობაში მომწიფებულ კონფლიქტურ სიტუაციაზე საუბრობს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, ზემო კოდორის ხეობაში ქართველ სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონფლიქტი მწიფდება, რომელშიც სოხუმი ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს, იუწყება “რია ნოვოსტი“ 26 ოქტომბერს. 


“ქართული მხარე, სავარაუდოა, რომ ბრალს დაგვდებს ჩვენ სიტუაციის გამწვავებაში. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ აფხაზეთი ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს საქართველოს ხელისუფლებასა და ზემო კოდორის ხეობის მოსახლეობას შორის კონფლიქტში“, – აცხადებს სერგეი ბაღაფში.


კოდორის ხეობაში ქართველი სამართალდამცავები ივლისის შემდეგ იმყოფებიან, რაც მათ ანტიკრიმინალური ოპერაციის შედეგად მოახერხეს ადგილობრივი გასამხედროებული ჯგუფის “მონადირისა“ და მისი ლიდერის ემზარ კვიციანის ამბოხების ჩახშობა. ოფიციალური თბილისის ინფორმაციის, სპეცოპერაციის შემდეგ კვიციანი ჯერ აფხაზეთში, შემდეგ კი მოსკოვში გაიქცა.


სექტემბერში ემზარ კვიციანის სატელევიზიო მიმართვა გავრცელდა, სადაც ის აცხადებს, რომ  კოდორის ხეობაში პარტიზანულ მოქმედებებს დაიწყებს ხელისუფლების წინააღმდეგ.


23 ოქტომბერს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის მედია–ცენტრი იტყობინებოდა, რომ ემზარ კვიციანი აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ გულრიფშის რაიონში იმყოფებოდა.


25 ოქტომბერს კოდორის ხეობაში, მაშინ როცა იქ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა, ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, როგორც ამას თბილისი აცხადებს, “გრადის“ ტიპის დანადგარიდან გაისროლეს. 


თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ არ გამორიცხა ამ ინციდენტის ემზარ კვიციანთან კავშირი.


მოგვიანებით, 25 ოქტომბერს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, “დიახ, კვიციანი გულრიფშის რაიონში იმყოფება, იმდენად რამდენადაც კოდორის ხეობის ზემო ნაწილი ასევე შედის აფხაზეთის გულრიფშის რაიონში, რომელიც დროებით ვერ კონტროლდება ჩვენს მიერ“, იტყობინება “აფსნიპრესი“. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version