ნოღაიდელი: გაზის მოწოდებაზე ირანთან მოლაპარაკებები გრძელდება

დღეს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა “მნიშვნელოვანი“ უწოდა ირანთან ელექტროენერგიის გაცვლის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას და აღნიშნა, რომ გაზის მოწოდების თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა.


“ირანთან ელექტროენერგიის გაცვლის შესახებ შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო უახლოესი პერიოდისთვის, არამედ პერსპექტივაში საქართველოსთვის ელექტროენერგიით მომარაგების და მათ შორის წარმოების პრობლემების მოსაგვარებლად“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.


ირანთან ელექტროენერგიის სომხეთის გავლით გაცვლის შესახებ შეთანხმებას საქართველომ 23 ოქტომბერს თეირანში მოაწერა ხელი, სადაც ელექტროენერგიისა და გაზის საკითხებზე მოლაპარაკებები ენერგეტიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნიკა გილაურმა და გელა ბეჟუაშვილმა გამართეს.


“ასევე ნაბიჯები იქნა წინ გადადგმული გაზზე შეთანხმებაზე, თუმცა აქ მოლაპარაკებები არ დასრულებულა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა 25 ოქტომბერს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version