სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები დღეს სოხუმში თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს შეხვდა და აფხაზეთის კონფლიქტის საკითხი განიხილა, იუწყება “აფსნიპრესი“.
“კონფლიქტების მოგვარება სამხრეთ კავკასიაში პრიორიტეტული ხდება ევროკავშირისათვის“, – იუწყება “აფსნიპრესი“ პიტერ სემნების სიტყვებზე დაყრდნობით.
ამავე ინფორმაციით, სემნებიმ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ამ ეტაპზე არ წარმოებს დიალოგი ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის. “რეკომენდაცია გავუწიე აფხაზურ ხელმძღვანელობას მონაწილეობა მიიღონ დიალოგში“, – დასძინა მან.
სერგეი ბაღაფშის განცხადებით, სოხუმი მხოლოდ მას შემდეგ განაახლებს მოლაპარაკებების პროცესს, რაც თბილისი შეასრულებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მოთხოვნებს, რომელიც 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების შესრულებას გულისხმობს.
“ზემო კოდორის ხეობიდან ყველა შეიარაღებული პირის და საქართველოს სამთავრობო მარიონეტული სტრუქტურების გაყვანა მოგვცემს შესაძლებლობას განვაახლოთ დიალოგი“, – განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.
სოხუმში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში გერმანიისა და ფინეთის ელჩები და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა.