რაისის მოსკოვში ვიზიტისას შესაძლოა საქართველოზე იმსჯელონ

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტომ კეისიმ განაცხადა, რომ 21 ოქტომბერს სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მოსკოვში ვიზიტის დროს ჩრდილოეთ კორეის შესახებ იმსჯელებენ, თუმცა ის მზად იქნება საქართველოს შესახებაც იმსჯელოს, “თუ ეს საკითხი საუბრისას წამოიჭრება“.


“ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ძალიან ფართოა და მთელ რიგ საკითხებს შეიცავს. მე ზუსტად არ ვიცი, თუ რა საკითხები წამოიჭრება საუბრისას“, – განაცხადა ტომ კეისიმ 19 ოქტომბერს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.


რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის საკითხი სავარაუდოდ, ფინეთში 20 ოქტომბერს დაგეგმილ ევროკავშირი-რუსეთის სამიტზეც იქნება განხილული. შეხვედრა ევროკავშირის ლიდერებს და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის გაიმართება.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ის ელის ევროკავშირის “ძალიან პრინციპულ პოზიციას ადამიანის უფლებათა დარღვევების იმ ფაქტებზე, რომლებიც [რუსეთში მცხოვრები] ქართველების წინააღმდეგ განხორციელდა“.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version