დანიელ ფრიდი: რუსეთის ზეწოლა საქართველოზე და ქართველებზე უნდა დასრულდეს

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დანიელ ფრიდმა 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ რუსული სანქციები “არანაირ მიზანს არ ემსახურება“ და ზეწოლა საქართველოზე და რუსეთში მცხოვრებ ქართველებზე “მალე უნდა დასრულდეს“.


კონდოლიზა რაისის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თბილისში 18 ოქტომბერს საქართველოს ხელმძღვანელობას და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. დანიელ ფრიდი 19 ოქტომბერს ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ნატოსა და ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებთან საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს. ბრიუსელიდან იგი მოსკოვში გაემგზავრება.


რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობები


თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე დანიელ ფრიდმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები “სინანულს გამოთქვამს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუარესების გამო“. მისი თქმით,  ამ დაპირისპირებას “აზრი არ აქვს“.


“ეკონომიკური ბოიკოტები და აკრძალვები, კონკრეტულად კი ზეწოლა ხალხზე მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო არ არის ის, რისი ნახვაც 21-ე საუკუნეში სადმე გვსურს. იმედი მაქვს, ეს ზეწოლა მალე დასრულდება. ის მალე უნდა დასრულდეს. ის არანაირ მიზანს არ ემსახურება“, – განაცხადა დანიელ ფრიდმა.


“არაფერი არ გამოვა დაძაბულობის გამწვავებიდან ძალიან დიდ და ძლიერ სახელმწიფოს, როგორიც რუსეთიაა და პატარა ქვეყანას შორის, როგორიც საქართველოა და რომელიც თავის გზას ეძებს მსოფლიოში და ამას დემოკრატიულად და რეფორმების გზით აკეთებს“, – განაცხადა აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


მან აღნიშნა, რომ ის “ძალიან შეაშფოთა და შეაწუხა“ მოსკოვის აეროპორტში დეპორტაციის დროს ქართველი მამაკაცის გარდაცვალებამ. “ეს არ არის სწორი“, – აღნიშნა მან.


დანიელ ფრიდმა განაცხადა, რომ ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის არ გამოსწორდება, სანამ ამას ორივე მხარე არ ეცდება.


მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იზიარებს ევროკავშირის პოზიციას, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 17 ოქტომბერს მიღებულ დასკვნაში  აისახა და რომელშიც ისინი საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული რუსული სანქციების გამო “სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავენ.      


ფრიდმა ასევე განაცხადა, რომ აშშ კონსულტაციებს აწარმოებს რუსეთთან საქართველოს თაობაზე. მისი თქმით, “რეგულარულ დიალოგში რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან“ იგი პირადად არის ჩართული.


კითხვაზე, თუ რა მოტივით დაუწესა რუსეთმა საქართველოს სანქციები და განიხილეს თუ არა ეს საკითხი მოსკოვთან კონსულტაციების დროს, დანიელ ფრიდმა უპასუხა:

“კონფიდენციალური დიპლომატიური შეხვედრების შესახებ საუბარი კარგი იდეა არ არის”.


“კონფლიქტები მშვიდობიანად მოაგვარეთ”


დანიელ ფრიდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების სხვა გზა არ არსებობს გარდა “მშვიდობიანი დიალოგისა, მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტისა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე… და ასევე ამ რეგიონების ყველა მკვიდრის, მათ შორის დევნილების ინტერესების საფუძველზე“.


“ეუთო, გაერო, ევროკავშირი, აშშ და რუსეთი – ყველა დაინტერესებულია კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში. არც ერთმა მხარემ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულობას  ამ რეგიონებში“, – განაცხადა ფრიდმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს “შეუძლია ითამაშოს კონსტრუქციული როლი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის შესაბამისად“. 

კოსოვო არ არის პრეცედენტი”


კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ამერიკის შეერთებული შტატები შეეწინააღმდეგოს რუსეთის “უნივერსალურობის პოლიტიკას“, რომელიც კოსოვოს საკითხის პრეცედენტად გამოცხადებას გულისხმობს, ფრიდმა უპასუხა: “ძალიან იოლად“.  


“ჩვენ არ ვაღიარებთ და არც მომავალში ვაღიარებთ ამ ტერიტორიების [აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის] დამოუკიდებლობას… ეს ე.წ. კოსოვოს პრეცედენტი ისტორიულად მცდარია. კოსოვო არ წარმოადგენს პრეცედენტს ნებისმიერი სხვა სიტუაციისთვის. ის უნიკალურია“, – განაცხადა ფრიდმა.


მან ასევე ისაუბრა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 12 ნოემბერს დაგეგმილ რეფერენდუმზე.


“დნესტრისპირეთის ხელისუფლებამაც ჩაატარა ანალოგიური რეფერენდუმი; თუმცა, ის არავინ არ აღიარა – მას არანაირი შედეგი არ მოუტანია. არანაირი რეფერენდუმი არ შეცვლის იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში რჩება იმ ფაქტად, სადაც ჩვენ ყველა ვმუშაობთ წარმატებული მოგვარებისთვის“, – განაცხადა დანიელ ფრიდმა.


აფხაზეთის შესახებ გაეროს რეზოლუციაზე ვაჭრობა არ გამართულა


დანიელ ფრიდმა უსაფუძვლო უწოდა იმ განცხადებებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კომპრომისზე წავიდა აფხაზეთის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეასთან პრობლემების მოგვარებაში რუსეთის მხარდაჭერის სანაცვლოდ.


“გასულ პარასკევს მიღებულმა რეზოლუციამ გააგრძელა გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ რადგანაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მისია მნიშვნელოვანია, ჩვენ ხმა მივეცით რეზოლუციას. ეს არ იყო საქართველოს მარცხი“, – განაცხადა დანიელ ფრიდმა და ხაზი გაუსვა, რომ რეზოლუცია იყო “გამარჯვება იმ უწყვეტი სტაბილურობის, რომელსაც გაეროს მისია უზრუნველყოფს“.


“იმის თქმა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ივაჭრა რაღაცისთვის რაღაცის სანაცვლოდ აბსურდული განცხადებაა და ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული“, – დასძინა მან.

შეხვედრა ოპოზიციასთან


თბილისში ვიზიტის დროს დანიელ ფრიდი ოპოზიციური პარტიების – ახალი მემარჯვენეების, რესპუბლიკელების, მრეწველების და საქართველოს გზის – ლიდერებს შეხვდა. აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ხელისუფლებასთან დაპირისპირებისა, ოპოზიციას საქართველოს ევროატლანტიკური კურსის თაობაზე სრული კონსენსუსი აქვს. 


“ყველაზე მეტად რამაც მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება არის ის ძლიერი კონსენსუსი, რომელიც საქართველოში დასავლურ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით არსებობს… [ოპოზიციური პარტიების] საქმეა, რომ იკამათონ ხელისუფლებასთან და ისინი კამათობენ ხელისუფლებასთან ტაქტიკის და არა მთლიანად მიზნების თაობაზე, და მოხარული ვარ, რომ ვიხილე ძლიერი ეროვნული კონსენსუსი“, – განაცხადა დანიელ ფრიდმა.

Exit mobile version