ევროკავშირმა “გაწონასწორებული პოზიცია“ დაიკავა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებაში

ევროკავშირმა 17 ოქტომბერს “სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო და თბილისსა და მოსკოვს რიტორიკის შერბილებისაკენ მოუწოდა. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ ამ საკითხს ევროკავშირი 20 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განიხილავს.


17 ოქტომბერს ევროკავშირის ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის კომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა ნათლად მიანიშნა, რომ მოწოდებები რიტორიკის შემსუბუქებაზე ძირითადად საქართველოს ხელისუფლებას ეხება. 


“ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მკაფიოდ და კარგად აისახა ჩვენი [ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების] საბჭოს დასკვნებში, რომ ორივე მხარეს [საქართველოს და რუსეთს] გააჩნია პასუხისმგებლობები და ორივემ, პირველ რიგში, უნდა შეარბილოს თავისი რიტორიკა. ვფიქრობ, რომ მხოლოდ დიპლომატიური დიალოგით შეძლებს საქართველო და რუსეთი ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდნენ“, – განაცხადა ფერერო-ვალდნერმა.


“როდესაც ჩვენ იქ ვიყავით [თბილისში] ტროიკას ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ გავახსენეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სწორედ მათ უნდა შეარბილონ რიტორიკა, რადგანაც თუ დიალოგის დაწყება გსურს, თუ გინდა, რომ ძალიან მნიშვნელოვან მეზობელთან, როგორიც რუსეთია, ურთიერთობა აღადგინო, რა თქმა უნდა, ეს [რიტორიკის შერბილება] ერთ-ერთი წინაპირობაა… საქართველოს ხელმძღვანელობამ უარი უნდა თქვას იმ რიტორიკაზე, რომელიც დაძაბულობას გაამწვავებს“, – დასძინა მან.


მისი თქმით, საბჭოს დასკვნებში ნათლად ჩანს ევროკავშირის შეშფოთება იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც განხორციელდა „რუსეთში მომუშავე ქართველების და განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეების წინააღმდეგ, ასევე ქართველების ბიზნესისა და ეკონომიკური სანქციების“ თაობაზე.


ფერერო-ვალდნერმა აღნიშნა, რომ რუსეთის ღონისძიებები ვერ შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენას.


მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს მხარეებს ნდობის აღდგენასა და დიალოგში, “თუ ამას ორივე მხარე მოითხოვს“. რუსეთმა უკვე უარი თქვა საერთაშორისო შუამავლობაზე საქართველოსთან დაძაბულობის შემსუბუქების მიზნით.


იმავე პრესკონფერენციაზე ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა გაწონასწორებული პოზიცია უნდა დაიკავოს სტრატეგიულ პარტნიორს რუსეთს და საქართველოს შორის, რომელიც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილია.


“რუსეთს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ჩვენთვის რუსეთი მნიშვნელოვანი მეზობელია. და ჩვენ ასევე გვაქვს საქმე რუსეთის მეზობელთან [საქართველოსთან], რადგანაც ჩვენ საერთო სამეზობლო გვაქვს… მაგრამ, ამავე დროს რუსეთი უნდა მივიღოთ, როგორც მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი… და ჩვენ გაწონასწორებული პოზიცია უნდა დავიკავოთ და ვფიქრობ, ჩვენ სწორად ვიქცევით“, – განაცხადა სოლანამ.


მისი თქმით, ეს საკითხი 20 ოქტომბერს იქნება განხილული, როდესაც ევროკავშირის სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურები ფინეთში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უმასპინძლებენ. სოლანას თქმით, პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა არის “პრეზიდენტ პუტინთან აზრთა გულწრფელი გაცვლა“.           


ევროკავშირი კვლავ სიფრთხილით ეკიდება საქართველოს მოწოდებებს სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო პროცესში ჩართვის თაობაზე.


კითხვაზე, თუ როგორია ევროკავშირის პოზიცია არსებული სამშვიდობო ფორმატის თაობაზე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერკი ტუომიოიამ განაცხადა: “ჩვენ კვლავ ვუჭერთ მას მხარს“.  



 

Exit mobile version