Société Générale საქართველოში ბიზნესს იწყებს

ფრანგულმა ბანკმა Société Générale-მა საქართველოში ბიზნესის დაწყება 17 ოქტომბერს ბანკ რესპუბლიკას სათაო ოფისის გახსნით აღნიშნა.


Société Générale-მა სექტემბერში ქართული ბანკი რესპუბლიკას აქციების 60% შესყიდვის შესახებ გამოაცხადა. თუმცა გარიგების დეტალები არ გახმაურებულა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა სათაო ოფისის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ Société Générale-ის ინვესტიცია ნიშნავს, რომ საქართველოს “ენდობიან”.


“ეს არის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იმ გაგებით, რომ პირველად ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე დიდი მსოფლიო ბანკი პირდაპირ შემოვიდა საქართველოში და იწყებს საქართელოში ფინანსურ საქმიანობას. ეს ძალიან დიდი განაცხადია იმისა, რომ საქართველოს აქვს ეკონომიკური მომავალი ანუ თითოეულ მოქალაქეს აქვს ეკონომიკური მომავალი. ეს არის დადასტურება იმისა, რაც ერთი თვის წინ მსოფლიო ბანკმა თქვა, რომ საქართველო არის მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი  ბიზესის გაადვილების კუთხის… და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განცხადება იმის თაობზე, რომ ჩვენ ვართ ერთ–ერთი ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა. ეს იმას ნიშნავს, რომ კრედიტები უფრო ხელმისაწვდომი გახდება; უცხოურმა კომპანიამ, რომელმაც იცის, რომ ერთ–ერთი ყველაზე მიმზიდველი მისთვის ბანკი მუშაობს საქართველოში ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრი მათგანი დიდი სიამოვნებით წამოვა ჩვენ ქვეყანაში… უახლოეს კვირებში ჩვენ წინ უმნიშვნელოვანესი მოვლენების მთელი წყება გველოდება…საქართველოში შემოდის ახალი უცხოური კაპიტალი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ასევე შეიძინა ბანკი რესპუბლიკას აქციების 10%.


ბანკ რესპუბლიკას, რომლის კლიენტთა რაოდენობაც 74 000-ს შეადგენს, წმინდა შემოსავალმა 2005 წელს 7,1 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო 2006 წლის პირველ ნახევარში – 5,8 მილიონი ლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version