
დავითაშვილი მოუწოდებს არ გამოიყენონ ეთნიკური დაპირისპირების თემა მის წინააღმდეგ
კონსერვატორების ლიდერმა კობა დავითაშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას, რომ მისი დიკრედიტაციის მიზნით არ გამოიყენოს ეთნიკური დაპირისპირების თემა და განაცხადა, რომ იგი პატივს სცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად ეთნიკური წარმოშობისა.
დღეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “საქართველოს სომეხთა გაერთიანებამ“ კობა დავითაშვილს მისი გამონათქვამის – “მე არ ვარ სომეხი, მე არ ვარ ვაჭარი“ – გამო ბოდიშის მოხდა მოთხოვა და ეთნიკური შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულა. კობა დავითაშვილმა ეს ფრაზა წარმოთქვა იმ ფარულ ვიდეო–კომპრომატში, რომელიც მის წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ გამოყვეყნდა.
“ჩემი ეს ფრაზა: “მე არ ვარ სომეხი, მე არ ვარ ვაჭარი“ არის დამონტაჟებული და არის კონტექსტიდან მოგლეჯილი… მას წინ უძღოდა უშიშროების პროვოკატორ [აკაკი] კაპანაძის მხრიდან ფრაზა: “ამას შენ სომეხი ვაჭარი ხომ არ გონიხარ“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე კობა დავითაშვილმა.
აკაკი კაპანაძე კონსერვატორული პარტიის წევრია, რომელმაც ფარული ვიდეო–ჩაწერა მოაწყო და თავადაც ფიგურირებს ამ ჩანაწერში.
17 ოქტომბერს კობა დავითაშვილმა პრეზიდენტს და ხელისუფლებას მიმართა: “თქვენ შეგიძლიათ ჩემი დისკრედიტაციის მიზნით ააგოროთ სკანდალი ფინანსების თემაზე, პოლიტიკურ თემაზე, მაგრამ მოგიწოდებთ ნუ გამოიყენებთ ეთნიკური დაპირისპირების თემას, ვინაიდან ეს თემა არ შეიძლება გამოყენებული იქნას შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში… რადგან ამას გამოიყენებს საერთო მტერი რუსეთი, რომელთანაც დღეს საქართველოს ისედაც ძალიან რთული ურთიერთობა აქვს“.