ბურჯანაძე სუამის საპარლამენტო სამიტს მიესალმება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიესალმა სუამის  (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) საპარლამენტო ასამბლეის სხდომას, რომელიც კიშინიოვში 14–15 ოქტომბერს გაიმართა და სადაც “კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ერთიანობა ამ [სუმის] ქვეყნების პოზიციებისა“.


“დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ სუამი გააკეთებს ყველაფერს, რათა ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და ადამიანის უფლებები დაცულ იქნეს“, – განუცხადა რადიო “თავისუფლების“ თბილისის ბიუროს 16 ოქტომბერს ნინო ბურჯანაძემ.


თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ თავი შეიკავეს დეკლარაციის ტექსტში აესახათ საქართველოს მკაცრი პოზიცია რუსეთის მიმართ.


“შეიძლებოდა პირდაპირი ტექსტითაც დაწერილიყო დეკლარაციაში ის, რასაც ქართული მხარე ამბობს… მაგრამ ბუნებრივია რომ ჩემი, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები ყოველთვის იქნება უფრო მკვეთრი, ვიდრე ნებისმიერი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელსაც ხელს რამოდენიმე სახელმწიფო აწერს. მთავარია, რომ შეხვედრა დასრულდა კონსესუსით და ჩვენ ორმხრივი შეხვედრებისას მივიღეთ სრული გარანტია, რომ ყველა დონეზე ჩვენი მეგობარი ქვეყნები დააყენებენ იმ საკითხს, რომ სანქციები რუსეთის მხრიდან მოიხსნას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version