ეუთოს თავმჯდომარე უშედეგო შსკ-ს სხდომის გამო სინანულს გამოთქვამს

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ იგი “სერიოზულად წუხს“, რომ შერეულმა საკონტროლო კომისიამ 12-13 ოქტომბერს ვლადიკავკაზში გამართულ სხდომაზე ვერ მიაღწია რაიმე შეთანხმებას.


“ეს მესამე შემთხვევაა მიყოლებით, როდესაც შსკ-ს სხდომა უშედეგოდ დასრულდა. მაშინ როდესაც დაძაბულობა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში კვლავ მაღალია, უკიდურესად სამწუხაროა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ რაიმე ღონისძიებებზე, რაც სამშვიდობო მოგვარების პროცესს წინ წასწევდა“, – განაცხადა გუხტმა.   


“მოვუწოდებ მხარეებს განაგრძონ დიალოგი, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავშეკავება და ეძიონ კომპრომისი, რათა შეინარჩუნონ სამშვიდობო პროცესი“, – დასძინა მან.


გუხტმა ასევე აღნიშნა, რომ იგი რეგიონში თავის პირად წარმომადგენელს პიერ შევალიეს გამოაგზავნის, რომელიც მხარეებთან კონსულტაციებს გამართავს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version