შსკ-ს სხდომა უშედეგოდ დასრულდა


რუსეთის და სამხრეთ ოსეთის მხარეების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა ვლადიკავკაზში უშედეგოდ დასრულდა, რადგანაც ქართული მხარე დაჟინებით მოითხოვდა მოლაპარაკებების არსებული ფორმატის შეცვლას, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.

 


“შსკ-ს სხდომის პირველი რაუნდის მსგავსად, რომელიც მოსკოვში გაიმართა, მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა და ამის მიზეზია ქართული მხარის ურყევი პოზიცია“, – განაცხადა რუსული მხარის წარმომადგენელმა შსკ-ში იური პოპოვმა.


 


მისი თქმით, თბილისი დაჟინებით მოითხოვს ოთხმხრივი ფორმატის შეცვლას და სანაცვლოდ სთავაზობს ორმხრივ ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებს ეუთოს ეგიდით და ევროკავშირის, აშშ-ს და რუსეთის მონაწილეობით.


 


“ჩვენ სხდომის დღის წესრიგის ვერც ერთ საკითხზე ვერ შევთანხმდით. ქართული მხარე აქტიურად ითხოვდა მოლაპარაკებების ფორმაცის შეცვლას“, – განაცხადა სამხრეთ ოსეთის მხარის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა.


 


12-13 ოქტომბერს ვლადიკავკაზის სხდომა მოსკოვში 17-18 აგვისტოს გამართული სხდომის გაგრძელება იყო. იმის გამო, რომ აგვისტოში მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, სხდომის მეორე რაუნდის გამართვა გადაწყდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version