ლავროვმა და რაისმა გაეროში აფხაზეთის საკითხის განხილვაზე ისაუბრეს

12 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა სატელეფონო საუბარში გაეროს უშიშროების საბჭოზე აფხაზეთის შესახებ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის საკითხი განიხილეს, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის შესახებ რეზოლუციის პროექტს დღეს განიხილავს, რომელიც გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის გაგრძელებას 15 ოქტომბრიდან 15 აპრილამდე ითვალისწინებს.


გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ რეზოლუციის პროექტი “კომპრომისული“ და განსხვავებული იქნება რუსეთის მიერ თავდაპირველად შეთავაზებული მკაცრი ვარიანტისაგან.


“რეზოლუციის პროექტი შეიცავს მოწოდებას ქართული მხარისადმი თავი შეიკავოს პროვოკაციული რიტორიკისა და მოქმედებებისაგან, შეასრულოს, მათ შორის კოდორის ხეობაში, 1994 წლის მოსკოვის შეთანხმება. ანუ ყველა ის ძირითადი მომენტი, რომელზეც ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით, შევძელით აგვესახა ამ რეზოლუციის პროექტში“, – განუცხადა ვიტალი ჩურკინმა ჟურნალისტებს.


მისი თქმით, აშშ მზად არის მხარი დაუჭიროს რეზოლუციის პროექტს. 


12 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ გაეროში “ძალიან რთული მოლაპარაკებები“ მიმდინარეობს რეზოლუციის ტექსტზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version