ბურჯანაძე: რუსული ბლოკადა კონტრპროდუქტიული იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს მიმართ რუსეთის “უსამართლო“ ბლოკადა და სანქციები “კონტრპროდუქტიული“ იქნება.


“რუსეთის ხელისუფლება ჭკვიანურად რომ მოქცეულიყო, უფრო ადრე უნდა გაეყვანა რუსეთის ჯარების შტაბი და ბაზები საქართველოდან, ნორმალური და პოზიტიური როლი ეთამაშა კონფლიქტების დარეგულირებაში, მოქცეულიყო ცივილიზებულად და დემოკრატიულად და დღეს ბევრად უფრო მეტი პოზიტიური გავლენა ექნებოდა რუსეთს, ვიდრე მას სურს, რომ გავლენა ჰქონდეს ეკონომიკური სანქციებით და ბლოკადებით“, – განაცხადა 11 ოქტომბერს ნინო ბურჯანაძემ.


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 10 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი ეკონომიკურ ზეწოლას ახორციელებს და არა “სანქციებს და ბლოკადას“ საქართველოს წინააღმდეგ, იუწყება “რია ნოვოსტი”.


მან ასევე გამორიცხა რუსეთსა და საქართველოს შორის ომის შესაძლებლობა.


“რუსეთი არ აპირებს ე.წ გაყინული კონფლიქტების ტერიტორიების ანექსიას და მათ მიერთებას რუსეთის შემადგენლობაში“, – განაცხადა ივანოვმა, თუმცა დასძინა, რომ მოსკოვი პასუხისმგებელია საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version