საქართველო გეგმავს დეპორტირებულთა საკითხზე ევროპის სასამართლოს მიმართოს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება განიხილავს შესაძლებლობას ქართველ დეპორტირებულთა საკითხზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართოს. საქართველო რუსეთს იმ ქართველების უფლებათა დარღვევაში ადანაშაულებს, რომელთა დეპორტაციაც რუსეთმა განახორციელა.


“ჩვენ ყველა სამართლებლივ მექანიზმს გამოვიყენებთ ჩვენი მოქალაქეების დასაცავად; ახლა განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ მივმართოთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, თუმცა ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის“, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც დღეს თბილისის ერთ-ერთ რუსულ სკოლას ეწვია. 


“მე მოვედი, რათა სოლიდარობა გამოვუცხადო რუსებს და საქართველოში მცხოვრებ სხვა ეროვნულ უმცირესობებს. საქართველო მისი ნებისმიერი მოქალაქის სამშობლოა“, – განაცხადა სააკაშვილმა.


9 ოქტომბერს რუსეთიდან თბილისის აეროპორტში დეპორტირებული ქართველები უნდა ჩამოსულიყვნენ, თუმცა ფრენა გადაიდო მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ უარი თქვა რუსეთის საგანგებო სიტუაციების ერთი სამგზავრო და ერთი სატვირთო თვითმფინავების მიღებაზე. ქართულმა მხარემ ამ გადაწყვეტილების მიზეზად ტექნიკური მიზეზები დაასახელა.

რუსულ თვითმფრინავებს საქართველოდან რუსეთის 100-ზე მეტი მოქალაქე უნდა წაეყვანა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version