რუსეთი 100-ზე მეტი ქართველის დეპორტაციას განახორციელებს

დღეს თბილისში მოსკოვიდან რუსეთის ხელისუფლების მიერ დეპორტირებული 100-ზე მეტი ქართველი ჩამოვა, იტყობინება ქართული მედია.


რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პირველმა სატვირთო თვითმფრინავმა საქართველოს 136 დეპორტირებული მოქალაქე თბილისში 6 ოქტომბერს ჩამოიყვანა. 


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2“–თან ინტერვიუში შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ რუსეთიდან ქართველების დეპორტაცია სატვირთო თვითმფრინავებით ხდება.


მისი თქმით, დეპორტაცია ცივილიზებული ფორმით უნდა განხორციელდეს.


“მე ისიც არ მომწონს, რომ იგივე თვითმფრინავებით მიჰყავთ [თბილისიდან]რუსეთის მოქალაქეებიც. ასეთი ტიპის თვითმფრინავებს ჩვენ საქართველოში არ შემოვუშვებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

“ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს მივიღებთ უკან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ სტრესი მაქსიმალურად შევუმციროთ, მაგრამ მივიღებთ უკვე ნორმალური თვითმფინავებით…  და “სკატავოზებით” იმ ხალხმა, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს, იარონ თვითონ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.  


8 ოქტომბერს Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის მზად არის შეხვდეს თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს “ნებისმიერ დროს”.


“ჩვენ დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვართ”, – განაცხადა მან.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version