სააკაშვილი “დამაჯერებელ გამარჯვებაზე“ საუბრობს

ეგზით პოლების წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.


“ახლახანს გახდა ცნობილი ეგზით პოლების წინასწარი შედეგები. ეს არის რამოდენიმე დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მიერ დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის შესწავლა უშუალოდ საარჩევნო უბნიდან გამოსვლისას, როგორც წესი ეს არის ჩვენი წინა გამოცდილებით საარჩევნო შედეგების ყველაზე აკურატული აღწერა, თუმცა არა საბოლოო.  ამიტომ, მე ვარ ბედნიერი გამოვაცხადო, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მთელ საქართველოში ადგილობრივ არჩევნებზე“, – განაცხადა სააკაშვილმა საარჩევნო უბნების დახურვიდან ცოტა ხნის შემდეგ.


მისი თქმით, ეს არჩევნები “რეკორდული“ იყო ამომრჩეველთა აქტივობის თვალსაზრისით. ამომრჩეველთა აქტივობის საბოლოო მონაცემები ცესკო-ს ჯერ არ გამოუქვეყნებია.


“იმ მონაცემებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, მას შემდეგ რაც ჩვენი პარტია არის ხელისუფლებაში, თითქმის 2,5 წელია, საქართველოს მასშტაბით ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო იმაზე მეტი, ვიდრე იმ არჩევნებზე, რომელმაც მოიყვანა ის ხელისუფლებაში 2004 წელს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, “წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა 70%-მა ჩვენს პარტიას დაუჭირა მხარი“.


“ეს არის პასუხი იმ სკეპტიკოსებს, ჭორიკანებს, რომლებმაც ოღონდ ვინმე გალანძღონ… ეს არის პასუხი მთელი მსოფლიოს დასანახად, რომ ჩვენ  ჩავატარეთ დემოკრატიული არჩევნები და ხალხმა უფრო მეტად მოგვცა ხმა, ვიდრე ადრე. მინდა გითხრათ, რომ თბილისში ჩვენ მივიღეთ იმაზე მეტი ხმები, ვიდრე მივიღეთ 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ “სუფთა საარჩევნო კამპანია“ ჩაატარა, მიუხედავად იმ “ტალახისა, რომელიც ესროლეს ჩვენ ოჯახებს და კანდიდატებს ოპონენტებმა“.


“იმ პარტიამ, რომელმაც დაიცვა თამაშის ყველა წესი, არ გამოიყენა არც ერთი აკრძალული ილეთი, მოიპოვა ეს გამარჯვება“, – დასძინა სააკაშვილმა.


“მე მაქვს პატივი მივესალმო, იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც გვაქვს, თბილისის ისტორიაში პირველად არჩეულ მერს გიგი უგულავას“, – განაცხადა მან.


სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეს არ იყო “ჩვეულებრივი არჩევნები“.


“დღეს საქართველოს უყურებდა მთელი მსოფლიო, როგორ ჩააბარებდა ჩვენი საზოგადეობა ამ გამოცდას. ჩვენმა საზოგადოებამ გამოცდა ნამდვილად ხუთიანზე ჩააბარა. ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიომ უზარმაზარი სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს და ჩვენ დავინახეთ, რომ მარტო არ ვართ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


“ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნამდვილი სამუშაო მხოლოდ ახლა იწყება. ჩვენ ხალხს დავპირდით, რომ აღმშენებლობა გაგრძელდება ბევრად დიდი ტემპით, ვიდრე აქამდე იყო და ჩვენ ხალხი არ უნდა მოვატყუოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version