ხმების დათვლის პროცესი დაიწყო

საარჩევნო ადმინისტრაციებმა 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მიცემული ხმების დათვლა დაიწყეს მას შემდეგ, რაც საღამოს 8 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა.


ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) წინასწარ შედეგებს შუაღამისთვის გამოაცხადებს. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა 30%-მა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, თუმცა ზუსტი საბოლოო მონაცემები ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ჯერჯერობით უცნობია. 


“შემიძლია განვაცხადო, რომ ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია და  არჩევნები საქართველოში მაღალი სტანდარტებით ჩატარდა“, – განაცხადა ცესკო–ს თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა საარჩევნო უბნების დახურვამდე.


ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე გამოთქვა პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ საარჩევნო პროცესის დროს “სერიოზული დარღვევები“ მოხდა, არაზუსტი იყო საარჩევნო სიები.


თუმცა, ცესკო-ს ცნობით, ამომრჩეველთა სიებში ცდომილება “მაქსიმუმ“ 4,5%-ს შეადგენდა.


“უნდა დაველოდოთ არჩევნების შედეგებს, დამკვირვებელების შეფასებებს, საარჩევნო ადმინისტრაციების განცხადებებს, ყველა ცალკეულ ყურით მოთრეულ განცხადებებზე არ ღირს კომენტარის კეთება. მთავარია, რომ არჩევნები მიდის მშვიდ გარემოში და ნებისმიერი დარღვევა, რომელიც დაფიქსირდება და იქნება დადასტურებული აუცილებლად უნდა გახდეს შესაბამისი რეაგირების საგანი“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ. 


“იყო გარკვეული დარღვევები, მაგრამ არა მგონია, რომ ამ დარღვევების მასშტაბები არჩევნების საბოლოო შედეგებზე იმოქმედებს“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის “ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“ წარმომადგენელმა კოკი იონათამიშვილმა.


5 ოქტომბერს ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები  – საკრებულოები – შერეულ მაჟორიტარულ-პროპორციული წესით აირჩია.


69 საკრებულოში 1 736 მანდატისთვის ექვსი პოლიტიკური სუბიექტი – მმართველი პარტია და ხუთი ოპოზიციური გაერთიანება იბრძვის.


თუმცა, საქართველოს მასშტაბით 1 025 მაჟორიტარული ადგილიდან 282, ხოლო 69 პროპორციული ადგილიდან 6 კონკურენტგარეშეა, რადგანაც იქ მხოლოდ ერთი კანდიდატი ან პარტიული სია იყო წარდგენილი – უმეტესად მმართველი პარტიიდან. 


წინასაარჩევნო კამპანიის ეპიცენტრი საქართველოს დედაქალაქი იყო, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით 3 201 168) დაახლოებით ერთი-მესამედი ცხოვრობს. 


თბილისში 37-წევრიანი საკრებულო აირჩევა, რომელიც შემდეგ თავისივე შემადგენლობიდან  დედაქალაქის მერს აირჩევს. 
 
ამ თანამდებობისთვის  ხუთი კანდიდატი იბრძვის: ამჟამინდელი მერი გიგი უგულავა, საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, მრეწველთა ლიდერი გოგი თოფაძე და კობა დავითაშვილი საარჩევნო ბლოკიდან „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version