ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა მოუწოდა საქართველოს და რუსეთს შეამსუბუქონ რიტორიკა, თავი შეიკავონ შემდგომი პროვოკაციებისგან და განაახლონ დიალოგი, იტყობინება ეუთოს პრეს-სამსახური.
“მოვუწოდებ საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტებს გამოიყენონ ის იმპულსი, რომელიც რუსი ოფიცრების გარშემო არსებული კრიზისის მოგვარებით შეიქმნა და დაიწყონ დიალოგი ჰელსინკის პროცესის სულისკვეთებით, რომელიც ზუსტად მიესადაგება ამგვარი უთანხმოებების მოგვარებას“, – განაცხადა ეუთოს თავმჯდომარემ.
“მოვუწოდებ რუსეთს უპასუხოს ოთხი სამხედრო ოფიცრის გადაცემის ფაქტს საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობების დაუყონებლივ აღდგენით“, – დასძინა მან.
International Herald Tribune-ში გამოქვეყნებულ სტატიაში კარელ დე გუხტი აცხადებს, “ჩვენ უბრალოდ ვერ დავუბრუნდებით იმ სიტუაციას, რომელიც კრიზისამდე არსებობდა“. მისი თქმით, საჭიროა გამოიძებნოს სამხრეთ ოსეთში არსებული კრიზისის სასწრაფო მოგვარების გზა.