კოფი ანანი მიესალმა რუსი ოფიცრების გათავისუფლებას

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი მიესალმა საქართველოში დაკავებული რუსი ოფიცრების გათავისუფლებას და მოუწოდა მხარეებს კონსტრუქციული გზით მოაგვარონ არსებული პრობლემები.


“გენერალური მდივანი მოხარულია, რომ საქართველომ და რუსეთმა შეძლეს საქართველოში რუსი ოფიცრების დაპატიმრების საკითხის მოგვარება მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზით“, – აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენელი 3 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.


კოფი ანანი ასევე მიესალმა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის კარელ დე გუხტის ქმედებებს დაძაბულობის შემსუბუქების კუთხით.


“გენერალური მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები თავს შეიკავებენ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომელთაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინონ სტაბილურობაზე რეგიონში“, – ნათქვამია განცხადებაში.


ამავდროულად, აფხაზეთის შესახებ თავის ბოლო მოხსენებაში გაეროს უშიშროების საბჭოსადმი გაეროს გენერალური მდივანი შეეხო საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზ სეპარატისტებს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებას და გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის ექვსი თვით გაგრძელების წინადადებით გამოვიდა. 


“ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ვითარება დაიძაბა, კერძოდ, კოდორის ხეობაში [ივლისის ბოლოს] განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ… დიალოგის ალტერნატივა არ არსებობს. ძალის მუქარა მხოლოდ გააღრმავებს არსებულ უნდობლობას, ხოლო ძალადობის განახლება ყველაზე უარესი შესაძლო შედეგი იქნება“, – განაცხადა ანანმა.


“გაეროს დამკვირვებელთა მისიის დარჩენას არსებითი მნიშვნელობა აქვს კონფლიქტის ზონაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად… ამიტომ, გამოვდივარ წინადადებით გაგრძელდეს გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი ექვსი თვით, 2007 წლის 15 აპრილამდე“, – დასძინა მან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version