სოხუმი და ცხინვალი თბილისთან მოლაპარაკებებს წყვეტენ

თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ ისინი თბილისთან მოლაპარაკებებს წყვეტენ.


რუსული სააგენტოები იტყობინებიან აფხაზეთის ლიდერის პრესსამსახურზე დაყრდნობით, რომ სოხუმი თბილისთან მოლაპარაკებებს წყვეტს იმ დრომდე, ვიდრე კოდორის ხეობას ქართველი სამხედროები სრულად არ დატოვებენ.


“მოლაპარაკებათა პროცესი შეიძლება განახლდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველო დაუბრუნდება (1994 წლის) მოსკოვის შეთანხმებისა და სხვა შეთანხმებების ყველა პუნქტის შესრულებას, რომელიც მიღწეული იყო ადრე, მათ შორის საერთაშორისო შუამავლობით“, – აცხადებენ ბაღაფშის პრესსამსახურში.


ამ განცხადების გაკეთებიდან ცოტა ხანში სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ ცხინვალიც გაიზიარებს სოხუმის გადაწყვეტილებას და ასევე შეწყვეტს მოლაპარაკებებს თბილისთან.


“ბოლო დროს სამხრეთ ოსეთი გამოდიოდა შსკ [შერეული საკონტროლო კომისიის] სხდომის ცხინვალში ჩატარების ინიციატივით, ასევე ვურჩევდით [საქართველოს ხელმძღვანელობას] შეეწყვიტა საომარი რიტორიკა და მოლაპარაკებები გაემართა, სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენი შეთავაზებები უპასუხოდ დატოვა“, – იუწყება “ინტერფაქსი“ კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version