ოქრუაშვილი: რუსული ბაზების გასვლა არის შეუჩერებელი

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 30 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გასვლა არის “შეუჩერებელი“ პროცესი.


“რუსი სამხედროები საქართველოდან გავლენ იმ გრაფიკის მიხედვით, რომელიც არის შეთანხმებული. 2007 წლის ბოლოს ბათუმში აღარ იქნება არცერთი სამხედრო ტეკნიკა: მძიმე, მსუბუქი და ა.შ. და 2008 წლის ბოლოს ბათუმის ბაზა იქნება მთლიანად დახურული და ამ პროცესს ვერავინ ვერ გააჩერებს“, – განაცხადა 30 სექტემბერს ირაკლი ოქრუაშვილმა რუსული მხარის საპასუხოდ.


30 სექტემბერს რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურმა გენერალმა ალექსადრე ბარანოვმა განაცხადა, რომ საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანის პროცესი შეწყდა ორ ქვეყანას შორის ჯაშუშობის გარშემო ატეხილი სკანდალის ფონზე.


რუსეთმა უკვე შეასრულა 2006 წლის 31 მარტს ხელმოწერილი შეთანხმება და წელს დაგეგმილი მთელი სამხედრო აღჭურვილობა გაიყვანა. ბათუმის სამხედრო ბაზაზე დარჩენილი სამხედრო ტექნიკა 2007 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა გავიდეს, ხოლო სამხედრო პერსონალმა ახალქალაქის სამხედრო ბაზა 2007 წლის მანძილზე უნდა დატოვოს. რაც შეეხება ამიერკავკასიაში რუსული ჯარების შტაბს, იგი 2008 წლის მანძილზე უნდა დაიხუროს, როგორც ამას შეთანხმება ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version