ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია 5 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება, იტყობინება ევროპის საბჭო.
კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ვიმ ვან გელდერი უხელმძღვანელებს, ასევე შევლენ ევროკავშირის რეგიონების საკითხებზე მომუშავე კომიტეტის და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებიც.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდებიან მთავრობის წევრებს, პარლამენტარებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს.
არჩევნების დღეს ქვეყნის მასშტაბით დამკვირვებელთა ათი ჯგუფი იმუშავებს. არჩევნების შემდეგ კონგრესის დელეგაცია წინასწარ შეფასებას გამოაქვეყნებს.